ტყუილია, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდს აძლევს, ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ ამით უნდა იყიდონ მოსახლეობა, ევროპა ხალხის თვალში სალაროდ აქციეს - შალვა პაპუაშვილი

12 სექტემბერი 2024, 14:36 193 ნახვა

ტყუილია, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდს აძლევს, ოპოზიცია საუბრობს რაღაც ფულზე და ჰგონიათ, რომ ამით უნდა იყიდონ საქართველოს მოსახლეობა, სამარცხვინოა, რომ ევროპა ქართველი ხალხის თვალში სალაროდ აქციეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის „ენჯეოები“, რომლებმაც წესით უნდა ამხილონ სიცრუე, ამ ტყუილს ჩვეულებრივად ხელს უწყობენ უცხოური დაფინანსებით.

"რაც შეეხება 14 მილიარდს, რატომ 14 მილიარდი, კუპონია ან არ ვიცი, საერთოდ რას გულისხმობენ, ვერ ვხვდები იმ მხრივ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც ვაკვირდები და ძალიან საინტერესოა. ე.წ. დეზინფორმაციის მამხილებელი „ენჯეო“, რომელიც მილიონებს იღებს ამერიკული და ევროპული ფონდებიდან, არც ერთს არ გადაუმოწმებია ეს განცხადება, ჩუმად არიან. აიღეს რაღაც რიცხვი და იტყუებიან, თითქოს ვინმე 14 მილიარდს აძლევს საქართველოს. ამ ტყუილს ჩვეულებრივად ხელს უწყობენ. ესეც არის უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში. ეს „ენჯეოები“, რომლებმაც წესით უნდა ამხილონ სიცრუე, ხელს აფარებენ სიცრუეს უცხოური დაფინანსებით. რა თქმა უნდა, ამის უკან არის პასუხისმგებლობა. ეს „ენჯეოები“ ფინანსდებიან ევროკავშირის თუ აშშ-ის საბიუჯეტო თანხებით და პასუხისმგელობა არის მათი, რომ ცრუ ნარატივებს ხელს უწყობენ. ჩვეულებრივი ტყუილია. სასაცილოა საერთო ჯამში.

ეს იგივე ხალხია, რომელიც კანდიდატის სტატუსი როდესაც არ მოგვანიჭეს, გვეუბნებოდა და მაშინ გახსოვთ, მათი ლოყების ხოკვა, რომ კანდიდატის სტატუსს მოჰყვებოდა 3 მილიონი თითო სოფლისთვის. გახსოვთ, რა განცხადებებიც ჰქონდათ მაშინ „ენჯეოებს“ და ა.შ. კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ჩვენც, მოლდოვამაც, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავთ, რომ ღრუბლებიდან ფული ცვივა. ასევე სხვა ქვეყნებს მოლაპარაკებები გაეხსნათ და 14 მილიარდი რომელი ქვეყნის ბიუჯეტში ჩაირიცხა, იქნებ ჩარიცხვის ამონაწერიც გვაჩვენონ.

ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდს აძლევს. მათ შორის დღეს ვნახე ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, რომ პირდაპირ 14 მლრდს ანაწილებენ, აეროპორტში რაღაც უნდა ავაშენოთო. მოუკლავი დათვის ტყავს ანაწილებენ. ჯერ ერთი არჩევნებში გავიდნენ და ვნახოთ, ხალხი რას ეტყვის, მეორეც – საუბრობენ რაღაც ფულზე და ჰგონიათ, რომ ამით უნდა იყიდონ საქართველოს მოსახლეობა. საერთო ჯამში, სამარცხვინოა, რომ ევროპა, ფაქტობრივად, ქართველი ხალხის თვალში აქციეს სალაროდ. მათ ევროპას რაიმე ღირებულებებისთვის კი არ წარმოადგენენ, წარმოადგენენ როგორც სალაროს, რომლისგანაც ვიღაცამ რაღაც ფულები უნდა ჩაგვირიცხოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში