მრავალი ცოდვის თანამდები ვარ, მაგრამ ღმერთია მოწამე, არა მკვლელობის - გიორგი მამალაძის მიმართვა

09 აპრილი 2017, 00:00 2988 ნახვა

დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე, რომელიც უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს ციხიდან წერილს ავრცელებს. დეკანოზის მიმართვას სოციალურ ქსელში, ადვოკატ, გიორგი ფანცულაია აქვეყნებს.

დეკანოზი წერილში აცხადებს, რომ მას ბევრი ცოდვა აქვს, მაგრამ არა მკვლელობის მცდელობა. მამალაძე ამბობს, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში ნათქვამია:

"ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!
მორწმუნენო, გთხოვთ ეს წაიკითხეთ! მამა გიორგი მამალაძის წერილი

აქამდე ასე კარგად ვერ ვაცნობიერებდი მოსაზრებას, რომ განსაცდელი ადამიანს უფალთან უფრო აახლოებს. მეტიც, ასეთ მდგომარეობაში ყველა შენი მახასიათებელი უფრო მკვეთრი ხდება - მეტია თვითკრიტიკაც, საკუთარი თავის რწმენაც, უკომპრომისობაც.

მრავალი ცოდვის თანამდები ვარ, მაგრამ ღმერთია მოწამე, არა მკვლელობის, ან მკვლელობის მცდელობისა. ვისთვისაც ასეთი რამ არ დაუბრალებიათ, ალბათ, მისთვის რთული წარმოსადგენია ჩემი განცდები, რთული შესაფასებელი ჩემი გადაწყვეტილებები.

რატომ ვშიმშილობ? ამით ჩემს სულიერ ძმებს მინდა შევახსენო - "არა ერთითა პურითა ცხონდების კაცი..."

ასევე როგორც ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმართა მამას - რად მიმატოვეო და მყისიერი პასუხი მიიღო მისგან, მეც მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენ სიყვარულს არ ძალუძს დასძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა! ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრებლის სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი.

რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლებ ღვთის შეწევნით. მაცხოვარი ხომ ბრძანებს - "ოდეს შეგიყვანეს შესაკრებელსა მთავართასა, ნუ ზრუნავთ რა სიტყვა მიუგოთ ანუ რა სთქვათ, რამეთუ სულმან წმინდამან გასწიოს თქვენ მას ჟამსა შინა რა იგი სთქვას", - აღნიშნულია დეკანოზის წერილში.

ამავე კატეგორიაში