აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

16 სექტემბერი 2024, 20:18 261 ნახვა

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში.

„ამ პიროვნებებს შორის არიან ხელისუფლების და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ბიზნეს ლიდერები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში. პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს. სამართალდამცავების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ ძალადობის, დაშინების ან ჩახშობის შიშის გარეშე”, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ჯერ-ჯერობით არ არის ოფიციალურად გაცხადებული იმ პირების ვინაობა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში