აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით შეშფოთებულია

16 სექტემბერი 2024, 23:15 234 ნახვა

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან.

„ე.წ. უცხოური გავლენის კანონის მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ძალადობრივად ჩაახშო მოქალაქეების პროტესტი ამ კანონის წინააღმდეგ. დღეს აშშ სანქციებს უწესებს საქართველოს მთავრობის ორ მაღალჩინოსანს და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერს, ასევე 60-ზე მეტ პირზე უწესებს სავიზო შეზღუდვებს ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციულ ან სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობის გამო. ეს ქმედებები არის ჩვენი მხრიდან საქართველოსთან ყველა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შედეგი, რაც გამოწვეულია მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან მცდარი განცხადებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობასთან ათწლეულების განმავლობაში არსებული ჩვენი ურთიერთობის სულისკვეთებას“, – განაცხადა მილერმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები დაუწესდა საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც „დაკავშირებული არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან“. სანქციები შეეხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს. სანქციები დაუწესდათ ასევე ალტინფოს დამფუძნებელს, კონსტანტინე მორგოშიას და ერთ-ერთ წამყვანს, ზურაბ მახარაძეს. ისინი „პასუხისმგებელი ან თანამონაწილე არიან, ან პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ დემოკრატიულ პროცესში ჩართული ქართველების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის ძალადობრივ ჩახშობაში“, წერია განცხადებაში. .

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში