დაახლოებით 10 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე - პრემიერი

17 სექტემბერი 2024, 12:25 290 ნახვა
 

2021 წლიდან ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით გაიზარდა, შესაბამისად, დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტენდენცია და ტემპი, რაც ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.

„ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ეკონომიკაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რაც ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ ხოლმე, რომ მართალია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს 40 მლრდ წავიდა 25 ოჯახის ჯიბეებშიო, ასეთია მათი გზავნილი. პროფესიონალები, ამ საქმის სპეციალისტები ალბათ დამეთანხმებით, რამდენად დიდი ტყუილია ეს. ყველაფერი ციფრებშია გამოხატული,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სიღარიბის მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, რაც გასული წლის მონაცემებით, 11.8 %-მდე არის შემცირებული.

„1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წლისთვის საქართველოში და ახლა, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 440 000-მდე. 680 000 ადამიანი ამოვიდა აბსოლუტური სიღარიბიდან, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, თუმცა, თავისთავად ის, რომ 440 000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა, არის მთავარი გამოწვევა და ჩვენთვის მთავარია, ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. იმ ტემპის გათვალისწინებით, რაც გვაქვს დღეს, ვფიქრობ, სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში. მთავარია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, 2021 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობა შეადგენდა 21.9 %-ს, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა არის 3.7%. მისივე განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა 146 000 ახალი სამუშაო ადგილი და გაზრდილია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება.

„კონკრეტული ადამიანები საქმდებიან და მათი საშუალო ანაზღაურება იზრდება. იგივე პერიოდი რომ ავიღოთ, დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ შეადგენდა 1256 ლარს და უკვე 2 000 ლარს აჭარბებს. ანუ, მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, ესაა ამ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები. საბოლოო ჯამში, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ 3.5 წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2021 წლის დასაწყისი და 3 წლის შემდეგ მეორე კვარტლის მონაცემები, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით ქვეყანას ძალიან კარგი მონაცემები აქვს.

 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში