ურთიერთობათა გადატვირთვას სანქციები ხელს არ უწყობს, აშშ-ის ელჩთან მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი თუ დაემატება, მოგვიწევს პრინციპული მსჯელობა პოზიციების გადახედვაზე - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2024, 17:55 264 ნახვა

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა სანქციები და გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, -  განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, სანქციების დაწესება მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ.

„ასეთი ნაბიჯები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. თქვენ გახსოვთ, რომ იყო სერიოზული სირთულეები ოთხი წლის მანძილზე ამ ურთიერთობებში. ძირითადად წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს და ასეთ პირობებში, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა ასეთი სანქციები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაგალითად მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა, ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის. მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და უფრო მეტიც, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ, თუ დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად. ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

რაც შეეხება იმ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა გუშინ წინ, ეს ნაბიჯი არის მიმართული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სწორედ რომ დანგრევისკენ. ვის შეიძლება, აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა  კითხვა დაუსვეს, რა იგულისხმება მის განცხადებაში, რომ აშშ-ის მხრიდან ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას თუ დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, „მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით“, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, გუშინწინდელი გადაწყვეტილება ბოლო იქნება ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით.

„იმედი მაქვს, რომ გუშინწინდელი გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მომავალში აღარ იქნება მიღებული. ეს იმედი გამოვთქვი ქალბატონ ელჩთან შეხვედრაზეც. მინდა, პირადად ქალბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის საკმარისი, რათა მიღებულ იქნას მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები, რაც არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში