აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს 5-დან 7 პროცენტამდე ზრდის

25 სექტემბერი 2024, 11:20 283 ნახვა
 

საქართველოში მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის აპრილში გაცხადებული 5%-იანი მოლოდინთან შედარებით შესამჩნევი მატებაა. 2025 წლის ზრდის პროგნოზი კი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება.

ამასთან, როგორც აზიის განვითარების ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ სატრანსპორტო და სასაწყობე სფეროებში, 8.5% საბინაო და კვებით მომსახურებაში, 12.2% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებზე და 9.6% საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებებზე. შიდა მოხმარებამ ეკონომიკური წინსვლის მთავარმა მოტივატორმა გაზარდა შიდა ინვესტიციები. უმუშევრობა 2024 წლის პირველ კვარტალში 14%-მდე შემცირდა.

„საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ურყევ წინსვლას მიუხედავად გეოპოლიტიკური რისკებისა. ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი წინაპირობაა განაგრძოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობაში ინვესტირება“, - განაცხადა ADB-ის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.

ანგარიშის თანახმად, ინფლაცია 1.1%-მდე შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში, თუმცა ივნისში 2.2% დაფიქსირდა. ამის მთავარი მიზეზი სატრანსპორტო ხარჯების გაზრდა გახდა, ნავთობპროდუქტებზე არასტაბილური, ხოლო თამბაქოსა და ალკოჰოლზე მომატებული ფასების გამო. შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსისა და ფრთხილი ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ თავიდან აიცილა ფასების უფრო სწრაფად მატება.

2024 წლის პირველ ნახევარში შემოსავლების 18.5%-ით ზრდის შედეგად აღმოიფხვრა ფისკალური დეფიციტი. დაბალანსებულმა ბიუჯეტმა და სტაბილურმა ლარმა მიმდინარე წლის შუაში, მშპ-ში სახელმწიფო ვალის წილი 38.9%-მდე შეამცირა, რაც გასულ წელს 39.2% იყო. ჯამურად 30.3%-ით შემცირდა სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან — 71.4%-ით. მკვეთრი ვარდნა ნაწილობრივ დააბალანსა აშშ-სა და ევროპიდან გაზრდილმა გადმორიცხვებმა.

„მიმდინარე ანგარიშზე შესაძლოა იმოქმედოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და გეოპოლიტიკურმა რისკებმა და ზეწოლა მოახდინოს გაცვლით კურსზე. ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორადი ეფექტის შედეგად შეფერხებულმა ვაჭრობამ შესაძლოა მიწოდების ჯაჭვებზე იქონიოს გავლენა და ყოველდღიური მოხმარების საქონელზე გაზრდილი ფასების გამო შექმნას ინფლაციური წნეხი“, - წერია აზიის განვითარების ბანკის ახალ ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში