ყველას მოვუწოდებ, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რომელ სტანდარტსაც სხვებს უყენებენ - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი 2024, 12:08 248 ნახვა

ყველას მოვუწოდებ, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რომელ სტანდარტსაც სხვებს უყენებენ - თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაში გარე ჩარევებზე საუბრისას.

„დღეს, როდესაც, დასავლური სამყარო რუსეთთან დაპირისპირებაშია სწორედ იმის გამო, რომ სწორედ რუსეთი არღვევს გაეროს წესდებით გათვალისწინებულ ჩაურევლობის პრინციპს და სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა, თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი. რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში. უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოდიან და ამა თუ იმ მხარის პირდაპირ პოლიტიკურ პოზიციებს იკავებენ. ეს არის გავლენა ამომრჩეველზე, რაც არის ანტიდემოკრატიული. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რომელ სტანდარტსაც ისინი სხვებს უყენებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ნორმები, რომელთა საფუძველზეც „ენჯეოები“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნეს, თავის დროზე თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საიას“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული.

„სხვათა შორის, გუშინ ეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმაც აღნიშნა - ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც ცნეს ისინი საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად, თავის დროზე თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საიას“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული. ასე რომ, ეს სტანდარტი მათივე ინიციატივით არის მიღებული და ამ სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ.

საერთო ჯამში, არავის შეზღუდვა არ ხდება. ყველას შეუძლია აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. უბრალოდ თუ ეს წინასაარჩევნო აგიტაცია არის, მაშინ უნდა გაასაჯაროოს ამის ფინანსები. ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში და ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს საქართველოში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში