თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს არ ვაპირებთ! - მამუკა მდინარაძე

28 სექტემბერი 2024, 19:11 217 ნახვა

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა, გამოთქმით და ხაზგასმით, გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი, უდიდესი კახელი, ქართველი კაცის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი უპირისპირდება არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, არამედ მათ უფროსებს

"ამ გასაოცარი კუთხის, კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია. მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა, გამოთქმით და ხაზგასმით, გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი, უდიდესი კახელი, ქართველი კაცის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები. ფასეულობები და მათ უზრუნველსაყოფად საკუთარი ქვეყნის ღირსება და მხოლოდ ამ ღირსებით მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც.

 

ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, დღეს რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებად გვევლინებიან, არამედ მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე. აი ამ ბრძოლაში მოუწოდებენ ხალხს სხვისი ანუ საკუთარი თავის საწინააღმდეგო მხარეს დადგომისაკენ. მართლაც პარადოქსული სიტუაციაა. წარმოიდგინეთ ერთი წამით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და უცხოელების გუნდის დაპირისპირებაში საქართველოს მოქალაქე სხვისკენ რომ იყოს. ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. ამ ხალხს სამწუხაროდ მთელი სერიოზულობით სჯერა, რომ ნებისმიერი ქართული, ეროვნული საქმე სინამდვილეში იმ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ოკუპირებული. არადა, ამ დროს გულშემატკივრობენ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ომს. საკუთარ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ. ამ საფუძვლით უჩივიან სტრასბურგში თავის სამშობლოს. მათი პროპაგანდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები აფხაზებს და ოსებს უწოდებენ მტრებს. ჩვენ ნახეთ ეს ყველაფერი წინა დღეებში. და რა გახდა, რით ვერ გაარჩიეს მხარეები ურთიერთმიტევების და მობოდიშებისას, რით ვეღარ გაარჩიეს ოკუპანტი, სეპარატისტი და მკვლელი საკუთარი აფხაზი და ოსი დებისგან და ძმებისგან. ასე რატომ წვალობენ პასუხი არის ძალიან მარტივი. მათი დავალება არ არის შერიგება, ერთიანობა და მშვიდობა და კეთილდღეობა, მათი დავალებაა გაყიდონ და სხვის ინტერესებს შესწირონ საკუთარი სამშობლო, რის საშუალებას არასდროს მივცემთ.

 

ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებსა, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი, მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში