საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

28 სექტემბერი 2024, 19:55 224 ნახვა

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა, - ამის შესახებ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია.

„2012 წელს, როდესაც ქართველებს სისხლიანი რეჟიმი გვყავდა ხელისუფლებიდან გასასტუმრებელი, კახელებმაც თქვენი ხმამაღალი სიტყვა თქვით. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა. ეს დანაშაულები იყო ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა. რაც მთავარია, ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის - ჩვენი ისტორიული მხარეების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვად დაუჯდა. ეს არის ღალატი, რომლისთვისაც დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.

 

2012 წელს კრიმინალური რეჟიმის დამარცხებისა და დემოკრატიული გარდატეხისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს იმ თავგანწირვისთვის და თავდადებისთვის, რომლითაც ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე მრავალი წელია იცავს.

 

სწორედ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია:

 

- წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა და წამების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ პატიმრების ციხეებში სიკვდილიანობა;

 

- აღიკვეთა ბიზნესის რეკეტი და გათავისუფლდა მედია;

 

- ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;

 

- ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა;

 

- 8,5 მილიარდი ლარიდან 30,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი;

 

- ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაიზარდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

 

- რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი;

 

- ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები;

 

- რაც კახელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 70%-ით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ ვენახების ფართობი და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი. 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. თუ 2012 წელს მევენახეების შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ ლარს შეადგენდა, შარშან მევენახეებმა 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღებს, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება;

 

- ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა;

 

- 680 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს;

 

- „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია;

 

- ამ ყველაფერთან ერთად, საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

"ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ირჩევს ამორალურ პროპაგანდას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ მომავალს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ კახეთი და სრულიად საქართველო აირჩევს მშვიდობას, დამოუკიდებლობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.

 

26 ჩვენი დღეა და 41 ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა. 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს 41. 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში