ილია დარჩიაშვილი გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს, ფილემონ იანგს შეხვდა

29 სექტემბერი 2024, 10:16 203 ნახვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში, რაც გაეროს ქარტიის ღირებულებების და პრინციპების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას გულისხმობს.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.  ილია დარჩიაშვილმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.  ხაზი გაესვა  გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო. აღინიშნა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის აუცილებლობა.

 

მინისტრმა წარმატება უსურვა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მის საქმიანობაში და საქართველოში მოიწვია“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში