საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

05 ოქტომბერი 2024, 20:55 304 ნახვა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვილი სანიოლს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

სანიოლს ჯილდო, ცოტა ხნის წინ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა. 

 

"მე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი საპატიო თბილისელის წოდებაზე, რომელმაც სრულიად საქართველოს შეაყვარა თავი. ის არ არის ქართველი, მაგრამ სულით, გულით, სისხლით, ხორცით, გაგებით არის ქართველი.

 

ჩვენ წლების განმავლობაში, როდესაც მე წინა ცხოვრებაში სპორტით ვიყავი დაკავებული, მოგვიწია ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობაც, თამაშიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული პატივისცემა და განსაკუთრებული სიყვარული, ის დღეს არის ჩვენი თანაგუნდელი, ის ჩვენთან ერთად ტიროდა, რამდენიმე თვის წინ. ეს ცრემლები იყო სიხარულის, სიყვარულის, სიამაყის, ცრემლები იყო, რომელმაც სრულიად საქართველო გააბედნიერა და სიამაყე დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს. მინდა საპატიო თბილისელის წოდებაზე წარგიდგინოთ ვინი სანიოლი," - განაცხადა კახა კალაძემ .

 

სანიოლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში" დაიწყო.

1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ "მონაკოში". კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ "ბაიერნში" (2000-2009).

სანიოლი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო.

იგი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 2021 წელს დაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში