შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

06 ოქტომბერი 2024, 13:40 275 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, იოგან მერფისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდში უწყების მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

 

შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა გადამზადებას, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანი შესრულება.

 

ალექსანდრე დარახველიძემ გამოთქვა მზაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროაქტიულად ითანამშრომლოს და შესაბამისი ინფორმაცია გაუზიაროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი შესაძლო დარღვევებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში