ოპოზიცია ემალება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს, ისინი გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან - შალვა პაპუაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 11:18 294 ნახვა
 

ოპოზიცია ემალება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს, გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში პოზიცია არ დაეფიქსირებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გააუქმებენ გარკვეულ კანონებს, მათ შორის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს.

"როგორც ნახეთ, ოპოზიცია ემალება ამ საკითხს, ისინი გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში საკუთარი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერდნენ ამ კანონს, გააბრაზებდნენ თავიანთ გარე მფარველებს და იმ შემთხვევაში, თუ მხარს არ დაუჭერდნენ, რა თქმა უნდა, წავიდოდნენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა საქართველოს მილიონამდე მოქალაქე, რომლებმაც ამ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ოპოზიციაში არის ის ძალა, რომელმაც 2008 წელს რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ჩააბარა. 

"ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი ვინც 2008 წელს, ოფიციალური წერილით, რომელიც სააკაშვილმა მიწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს, სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას რუსეთთან. ასე, რომ ეს ხალხი, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს, ეს ხალხი, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ეს ხალხი რომელიც კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ეს ხალხი ახლა რაღაც პრეტენზიებს, რომ აყენებს ეს არის ფარისევლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში