ჩვენი ოპონენტები და მათი უცხოელი პატრონები ცდილობენ, სასამართლო სისტემაში ცვლილებები შეიტანონ, რათა აღადგინონ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე - ირაკლი კობახიძე

12 ოქტომბერი 2024, 12:01 261 ნახვა

ჩვენი ოპონენტები და მათი უცხოელი პატრონები ცდილობენ, ცვლილებები შეიტანონ სასამართლო სისტემაში, რათა აღადგინონ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის შემდეგ რადიკალურად და ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება სასამართლო სისტემაში.

„მოგეხსენებათ, 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ეს ეხება, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას და კონკრეტულად სასამართლო ხელისუფლებას. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე, თავიდან ბოლომდე ექვემდებარებოდა სააკაშვილ-ადეიშვილის სისტემას. სასამართლო გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი რგოლი იმ რეპრესიულ მანქანაში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმედ ზემოქმედებდა ადამიანებზე ამ ქვეყანაში.

 

2012 წლის შემდეგ რადიკალურად და ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება სასამართლო სისტემაში, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს. რამდენჯერმე არის გაუმჯობესებული სტატისტიკა სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ საქმეებზე. ამასთან, რამდენჯერმე არის შემცირებული სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სასამართლო ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნა გაიზარდა, ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ოპონენტების და მათი მფარველების, უცხოელი პატრონების მცდელობა, ცვლილებები შეიტანონ სასამართლო სისტემაში ორიენტირებულია, რომ აღადგინონ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე.

„ყველა ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ სასამართლოში ჩვენ გვაქვს, არამხოლოდ ფუნდამენტური პროგრესი, არამედ აღმოფხვრილია ყველა სისტემური პრობლემა ან ყველა მეტ-ნაკლებად მასშტაბური პრობლემა, რაც შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანაში სასამართლოში არსებობდეს. ამ ფონზე, ჩვენი ოპონენტების და მათი მფარველების, უცხოელი პატრონების მცდელობა, ცვლილებები შეიტანონ სასამართლო სისტემაში, თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული ერთადერთ ამოცანაზე – მათ სურთ, რამენაირად აღადგინონ, თუნდაც მცირე დოზით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ. 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო სწორედ ეს, სამიდან ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აღედგინა კონტროლი სასამართლოზე, თუმცა, საბედნიეროდ, პროცესები სხვა მიმართულებით წარიმართა და სასამართლო ხელისუფლებამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში