უცხოურ დაფინანსებას 600-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136-სთვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა, 75 %-ზე მეტისთვის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს - პაპუაშვილი

18 ოქტომბერი 2024, 10:28 248 ნახვა
 

როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა.

მისივე თქმით, ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს აპროტესტებენ.

„როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ:

ამ დროისთვის, უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა. ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ. მეტიც, კიდევ 300 ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ამჟამად განხილვის პროცესშია.

ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე პოლიტიკური არასამთავრობოსა და მათი დონორების მუქარის მიუხედავად, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება შეეწინააღმდეგებოდა მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

ცხადი გახდა ისიც, რომ 2023 წლის მარტში და 2024 წლის მაისში ქუჩაში ძალადობრივი პროტესტით გამოსული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოებას კი არ წარმოადგენდნენ, არამედ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, მათი პოლიტიზებული არასამთავრობოებისა და პარტიული ტელევიზიების მიერ იყვნენ მობილიზებულნი.

ნამდვილმა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა. საქართველოში რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი არაკომერციული ორგანიზაციიდან 25 000-მდე ორგანიზაცია, უკვე წლებია, უმოქმედოა. აქტიური ორგანიზაციებიდან, როგორც ჩანს, უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისთვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა. ამგვარად, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების 75 პროცენტზე მეტისთვის გამჭვირვალობის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს.

და, ჰოი საოცრებავ, სამყაროს დაპირებული დასასრულის მიუხედავად, მზე კვლავ დაჰნათის საქართველოს ულამაზეს სოფლებსა და ქალაქებს“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში