ირაკლი კობახიძემ კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ რუხაძე წარადგინა

18 ოქტომბერი 2024, 14:38 350 ნახვა
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ რუხაძე წარადგინა.

„მინდა, თინათინ რუხაძის გაგაცნოთ ბიოგრაფიული მონაცემები. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის თბილისის კონცერტინოს დირექტორი, მოგვიანებით, იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი. იყო „თიბისიტვის“ გენერალური პროდუსერი, ასევე საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდუსერი, შპს „მელოდი არტის“ დირექტორის მოადგილე და გენერალური პროდუსერი, ვასო ბაშიძის სახლობის მუსიკისა და დრამის თეატრის გერენალური დირექტორი, საკრებულოს მრჩეველი განათლების ადა კულუტურის საკითხებში. მინდა, მას ვუსურვო წარმატებები ახალ თანამდებობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

თინათინ რუხაძის თქმით, კულტურა და სპორტი საქართველოსთვის ლოკომოტივივით გამწევი ძალაა.

„მოგესალმებით, მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ გუნდს, ვინც ეს შემოთავაზება დღეს გაგვიკეთა. ჩვენ ვისაუბრეთ, გვაქვს ხედვები, ვფიქრობ, ვთანხმდებით, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ასეთი, ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან, ნამდვილად ღირსეული შემოთავაზება იყო. ვეცდები,  სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად, დილიდან საღამომდე, როგორც მუსიკოსი და კულტურის დარგის მენეჯერი, ვმუშაობ, ძალიან ბევრი სასიკეთო მოვუტანო იმ ხალხს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი, როგორც კულტურაში ისე სპორტში მსოფლიოში გააქვს. ისინი ძალიან ღირსეულად და ამაყად ატარებენ საქართველოს სახელს. მადლობა ყველას ნდობისთვის, იმედი მაქვს, რომ კულტურისა და დროებით სპორტის სფერო გვენდობა. დავიწყებთ სწორ კომუნიკაციას, რათა უპირველესად საქმე გავაკეთოთ და საქმე წინ წავიყვანოთ“, - აღნიშნა რუხაძემ.

თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში