26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა, რომლებიცმზად არიან ქვეყანა გახვიონ ცეცხლის ალში - ირაკლი ღარიბაშვილი

19 ოქტომბერი 2024, 19:01 304 ნახვა

არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, როგორც შავი და თეთრი ფერი, ისე განსხვავდება 2012 წლის საქართველო და 2024 წლის საქართველო.

„მოგესალმებით ჩემო იმერლებო, მივესალმები ქუთაისს და მივესალმები იმერეთს. მივესალმები ჩვენს უღალატო თანამებრძოლებს, ჩვენს მაგარ ხალხს, განსაკუთრებით პოზიტიურ ხალხს, რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციას იკავებს, როცა ჩვენს სამშობლოს სჭირდება, დიდი მადლობა მეგობრებო თქვენი ერთგულებისა და თანადგომისთვის.

 

მეგობრებო, მოდით, ყველა ერთი წუთით დავფიქრდეთ, როგორ საქართველოში ვცხოვრობდით 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს, რამდენად გაუმჯობესდა ვითარება დღევანდელ საქართველოში? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი ობიექტური პასუხი არსებობს: როგორც შავი და თეთრი ფერი, ისე განსხვავდება 2012 წლის საქართველო და 2024 წლის საქართველო.

 

ყველას კარგად გვახსოვს და არასოდეს არ დაგვავიწყდება, როგორი საშინელი მდგომარეობა იყო 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. შიში, ტერორი, ჩაგვრა, უსამართლობა სუფევდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს. ადამიანებს წართმეული ჰქონდათ ღვთისგან ბოძებული თავისუფლება, არ არსებობდა თავისუფალი სიტყვა, მედია, ბიზნესი. ხალხი საშინელი ძალადობის, ტერორის, წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. გვახსოვს, რომ ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდნენ, უსამართლოდ იჭერდნენ უდანაშაულო ადამიანებს და ჯოჯოხეთურ ციხეებში ტანჯავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ართმევდნენ სახლ-კარს, ბიზნესს, ქონებას, ტელევიზიებს. სააკაშვილის რეჟიმმა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა. მთელი ქვეყანა და ხალხი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და ამ უბედურებასთან ერთად 2008 წლის აგვისტოში ჩვენს ხალხს თავზე დაატეხა საშინელი ომი, საშინელი განსაცდელი, რამაც მოიტანა ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, დავკარგეთ დროებით 100-ზე მეტი სოფელი და კოდორის ხეობა, რომელიც მანამდე  ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები, სამოქალაქო პირები და ქვეყანაში სრულმა უიმედობამ დაისადგურა, მაგრამ ასეთი განსაცდელის დროს პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოვიდა და ღირსეულად დაამარცხა ეს ბოროტება და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა. პირველ ოქტომბერს გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და დამარცხდა ბოროტი, ქართველი ხალხის მჩაგვრელი, ქვეყნის და ხალხის მოღალატე რეჟიმი.

 

2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ მეგობრებო, ჩვენს  ქვეყანას და ხალხს მოუტანა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, მოიტანა დიდი პროგრესი და წინსვლა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, არაბეთის ქვეყნებთან, ისრაელთან. 12 წელში ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი რითაც მაქსიმუმი გავაკეთეთ.  და რაც მთავარია, ყველაზე რთულ დროს, გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ეპოქაში, მრავალი, შიდა და გარე ძალების მიერ ორგანიზებული, ერთობლივად კოორდინირებული პროვოკაციების, დესტრუქციული ქმედებების, გარედან უხეში ჩარევების და დიდი ზეწოლის მიუხედავად არ დავნებდით, დავდექით მტკიცედ და ქვეყანას ავარიდეთ ომი და შევინარჩუნეთ მშვიდობა. რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს!“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა, რომლებიც პირადი ინტერესების სანაცვლოდ, მზად არიან ქვეყანა გახვიონ ცეცხლის ალში და ბომბების წვიმაში.

„ჩემო მეგობრებო, დღეს ბრძოლა გრძელდება და გამარჯვებამდე ერთი კვირა დარჩა. 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების სანაცვლოდ მზად არიან ქვეყანა გახვიონ ცეცხლის ალში და ბომბების წვიმაში, ეს ხალხი, რომელიც დღეს წარმოდგენილია ოთხ პარტიად, რეალურად ერთი ბოროტი ძალაა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა, მათ სურთ სანქციების დაწესება და ახალგაზრდების ომში გაგზავნა, აი ეს ბოროტი ძალა, რომელიც ოთხ ფრონტად არის წარმოდგენილი, ძველი და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ორი დანამატი, თქვენ იცით კარგად, სააკაშვილის ბიზნეს-რეკეტიორი, სასამართლოს მიერ დადგენილი თაღლითი ხაზარაძე, სამშობლოს და ჩვენი გუნდის მოღალატე გახარია. დღეს პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტად, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში ესენია სწორედ ხაზარაძის და გახარიას პარტიები. სწორედ ფარისეველი ხაზარაძის და გახარიას პარტიები ცდილობენ ბარიერი გადალახვას იმისთვის, რომ შემდეგ ნაცებთან შევიდნენ კოალიციაში.

 

შესაბამისად, ამიტომაც, ხსენებული პარტიებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას, რადგან ესენიც შეუქმნიან კოალიციას ისევ სააკაშვილს და ისევ მათ სისხლიან რეჟიმს. შესაბამისად, მეგობრებო, ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის ხმის მიცემა ნიშნავს სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კოალიციისთვის ხმის მიცემას. ეს ნიშნავს ხმის მიცემას საქართველოს ომში ჩართვაზე და ქვეყნისდანგრევაზე, ეს ნიშნავს ხმის მიცემას ხალხის განადგურებაზე, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევაზე, ეს ნიშნავს ხმის მიცემას სანქციების დაწესებაზე და ჩვენი ეკონომიკის დანგრევაზე, დაუსრულებელ ქაოსზე, ომის კოალიციისთვის ხმის მიცემა მეგობრებო, ნიშნავს საკუთარი შვილების ომში გაგზავნაზე ხმის მიცემას, ამიტომ დღეს არჩევანი ნათელია, ერთ მხარეს დგას ხსენებული ბოროტი ძალა, ვინც გარანტირებულად მოიტანს ომს, ქაოსს, ნგრევას და ახალგაზრდების ომში გაგზავნას, ხოლო მეორე მხარეს დგას ჩვენი ძლიერი გუნდი ძლიერი ლიდერის წინამძღოლობით, ვინც ქვეყანა გადაარჩინა, აარიდა ომი, მოიტანა 12 წლიანი მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, პროგრესი, განვითარება და ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის და განვითარების მოტანა და ჩვენი ქვეყნის წაყვანა წინ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ.

 

ამიტომ მეგობრებო, 26 ოქტომბერს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ომს, უარი უნდა ვუთხრათ ქაოსს, უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში, მათი ჭკუის სწავლებას, ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ აღვირახსნილი „ლგბტ“ პროპაგანდის დაკანონების მცდელობას ბაღებში და სკოლებში, ჩვენ არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ბოლოს, არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს სიკეთე, გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს საქართველო. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში