ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს - კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2024, 19:47 309 ნახვა

ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით განაგრძობს განვითარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ვერაფერი შეაჩერებს ქართველი ხალხის წინსვლას, ვიდრე სამშობლო და უფალი ყველაფერზე წინ დგას.

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო იმერლებო, მივესალმები სრულიად საქართველოს სილაღით, იუმორით, სტუმარმასპინძლობით განთქმული ქალაქიდან- ქუთაისიდან. მოგესალმებით ჩემო ქუთათურებო. ბედნიერი ვარ, ამდენ გულანთებულ, თანამებრძოლს ვხედავ შეკრებილს. საქართველოს მეორე დედაქალაქად წოდებული ეს უძველესი ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იყო და არის ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ცენტრი. მისი შემოგარენი მდიდარია ქართული არქიტექტურული შედევრებით, უდიდესი სალოცავებით, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი.

 

აქვე, გელათში განისვენებს საქართველოს ყველაზე დიდი მეფე, წმინდა დავით აღმაშენებელი, რომლის დროსაც დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა; რომლის მოღვაწეობაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ არა პატარა, არამედ დიდი ერი. უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით აგრძელებს განვითარებას და წინსვლას.

 

ამან გადაარჩინა ზუსტად ქართველი ერი, გაუძლო უამრავ შემოსევას, შიდა თუ გარე მტერს და დგას მტკიცედ. ვერასდროს, ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ვართ ერთად, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ. ჩვენ, იმერლებს არ გვეშლება, სად უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიყოთ, მაშინ, როდესაც ყველზე მეტად სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყანას, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე განცხადებით, თავგანწირვისა და ბრძოლის საუკეთესო მაგალითი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც, სწორედ, მაშინ დადგა სამშობლოს გვერდით, როდესაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა.

„ჩემო მეგობრებო, ამ თავგანწირვის, ბრძოლის საუკეთესო მაგალითი არის ჩვენი იმერელი ადამიანი, ღირსეული კაცი, ჩვენი ქველმოქმედი, ჩვენს ქვეყანაზე, სამშობლოზე შეყვარებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. და დღესაც ასეა, დადგა თავისი ოჯახით და დღესაც თავისი ოჯახით დგას აქ. დღეს მინდა მივესალმო ცოტნე ივანიშვილს, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება.

 

ჩემო მეგობრებო, რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად? რასაკვირველია, მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ თუ არა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და ნგრევას. რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ შორეულ წარსულზე, ეს ხომ ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია. ის უბედურება, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ქვეყანას, რომელიც მოუშუშებელ ჭრილობად გვექცა. დღეს ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი სამშობლო.

 

ჩემო მეგობრებო, საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდობა და სურს მხოლოდ ერთი რამ – სტაბილურობა; სურს საკუთარი იდენტობით, ტრადიციებით, რწმენით, უნიკალური კულტურით ევროპული მომავლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს მომავალს ქართველი ხალხი წყვეტს.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაფარჩაკებული, განადგურებული და გაუბედურებული ოპოზიცია მწყობრიდან გამოიყვანა. ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას “არა ომს”. დიახ, არა ომს! გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებთ მთელს მსოფლიოს!

 

ამ ბილბორდებთან მებრძოლ უსამშობლო რადიკალებს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი დამკვეთების ბრძანებით გაყიდონ საკუთარი სამშობლო, რასაკვირველია, ნაკლებად ადარდებთ უკრაინელი ხალხის ბედი. ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაში; რომ თურმე არ შეიძლება და როგორ საქართველო იყოს სამყაროს ცენტრი და ყველაზე სათაყვანებელი ქართველისთვის. ადამიანს, რომელსაც არა აქვს სამშობლოს სიყვარულის განცდა, როგორ შეიძლება გული, ხომ წარმოუდგენელია გული შესტკიოდეთ სხვა რომელიმე ქვეყანაზე?

 

ამდენად, მეგობრებო, ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის მომავალი. ჩემო თანამებრძოლებო, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს საქართველოს მომავალი, გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში