არავის ვურჩევთ, ხელოვნური ინტელექტით და დიფფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას - მამუკა მდინარაძე

21 ოქტომბერი 2024, 14:19 277 ნახვა

ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ე.წ. საარჩევნო ველზე მუშაობს, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ მედიააქტივობით და მათი კამპანიის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს კონტენტის შექმნა ტელევიზიების, სოციალური ქსელებისთვის და ქვეყნის გარედან მათ დასახმარებლად გაკეთებული განცხადებების ტირაჟირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, არც ერთი პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“ არ მუშაობს ამომრჩეველთან.

"უპრეცედენტოა, განსაკუთრებით ერთი მიმართულებითაც, რომ ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე, ვერც არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოზე და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენ, მმართველ პარტიას, იქით გვაქვს საპრეტენზიო ოპოზიციურ ძალებთან - მაგალითად, დღემდე, ამ მომენტამდე, ნაცმოძრაობის არცერთ  მედიას არც უცდია, რომ აღმოეფხვრათ ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სარეკლამო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს.

 

ფაქტია, რომ ისინი დიდი ხანია შეგუებულები არიან გარდაუვალ მარცხს და ნაცვლად საარჩევნო შედეგებზე ზრუნვისა, სულ სხვა  რამისთვის ემზადებიან.

 

დღეს შევეხებით ნაცების ოთხეულის საერთო ფეიკკამპანიას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

 

როგორც ხედავთ, არცერთი პარტია, მათ შორის,  არც ეს ოთხი პარტია, ოთხი აგენტურული პარტია საარჩევნო ველზე არ ატარებს არანაირ კამპანიას. ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი და სრულყოფილი საარჩევნო კამპანია აქვს ერთადერთ პარტიას - ეს ვართ ჩვენ, „ქართული ოცნება“. ასევე არ არსებობს მეორე პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელსაც ჰყავს დელეგატობის კანდიდატები საარჩევნო ოლქებში.

 

ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბევრს არ ვისაუბრებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ნამდვილად არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტითა და დიპფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას და ამას შემთხვევით არ ვამბობ.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში ორგანიზებული კამპანია, რომელშიც მთავარ  როლს, სამწუხაროდ, თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები ასრულებენ.  ნაცმოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტებზეა რა თქმა უნდა მთავარი ეჭვი, შეიძლება ესენი სხვებიც იყვნენ, ამას რავიცი დრო აჩვენებს.  კერძოდ, 15 ოქტომბრიდან დღემდე, ასობით, ვიმეორებ ასობით პროვოკაციული ზარი განხორციელდა ჩვენს მომხრეებთან, მათ შორის,  სხვადასხვა უწყებების, სამინისტროების თანამშრომლებთან თუ პარტიულ აქტივისტებთან.

 

პროვოკაციული კითხვებიდან აშკარად ჩანს, რომ მიზანია, გავრცელდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი პასუხები, თითქოს საქმე გვაქვს რაიმე სახის უკანონო დავალებების მიცემასთან არჩევნებთან დაკავშირებით.

 

მიუხედავად ამისა, აი ამ ასობით ზარის მიუხედავად, მათ ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხეს ისეთი თუნდაც ერთი ჩანაწერის გაკეთება, რომ ეს ჩანაწერი თავიანთ მავნებლურ გეგმებში გამოდგომოდათ. მოახერხეს მხოლოდ ორად ორი უხარისხო ფეიკის შექმნა. ერთი, გახსოვთ ალბათ  რუსთავის და მეორე წნორის შემთხვევაში, რომელთაგან ორივე იმავე დღეს ვამხილეთ.

 

ასევე, გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, რამდენიმე უბანზე, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე უბანზე დააშანტაჟონ ან საკმაოდ სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები, რათა ისინი ჩაითრიონ თუნდაც ელემენტარულ საარჩევნო დარღვევა-მანიპულაციაში.

 

მათი გეგმის მიხედვით, აგენტურული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულები ე.წ. გამწვანებული მოქმედებების შესახებ, უნდა გადაიღონ ეს დარღვევა და საბოლოო ჯამში ეცდებიან, რამდენიმე ასეთი ვიდეოკადრით შექმნან ყალბი აღქმა არჩევნებში უხეში ინტერვენციის შესახებ.

 

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მივმართავ აბსოლუტურად ყველას, ვინც კი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება, ასევე კომისიის და კომისიების ყველა წევრს და ეს მიმართვა, განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ჩვენი, ქართული ოცნების წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში.

 

არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით, თუნდაც დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში. თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, წინასწარვე, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნის ბოროტისმსურველი არის და აქვს ერთადერთი მიზანი - ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს და იზრუნოს მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე.

 

კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ და გარწმუნებთ: ვინც და რა ფორმითაც  არ უნდა მოგმართოთ, არ დაიჯეროთ და არ წამოეგოთ არანაირ შემოთავაზებას თუ პროვოკაციას, არ მოტყუვდეთ და გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს მოწოდება, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ თქვენი მისამართით, ყველაფერი ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედეთ. სწორედ ეს არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესი.

 

აქვე, დამატებით შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას, რომ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, ჩვენი ინფორმაციით, ასევე განიხილავენ არჩევნების დისკრედიტაციის სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზებს, მათ შორის და ჩამოგითვლით რამდენიმეს მაგალითისათვის, რომ ფრთხილად იყოს საზოგადოება, განსაკუთრებით, დამკვირვებლები იქნებიან ეს, კომისიის წევრები თუ სხვა.

 

განიხილავენ- და მგონია, რომ ეცნობათ ეს ტექსტი და ეს ამბავიც რომ ეცნობათ შემთხვევითი არ იქნება

- ყველა უბანზე ერთგვაროვანი საჩივრების დაწერა

- ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვა

- პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა მასიურად

- საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა

- განიხილავენ ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანებასაც კი

- ე.წ. კარუსელების იმიტაცია

- ბიულეტენების მოპარვა და გადაყრა, თითქოს ქუჩაში ადამიანები პოულობენ ბიულეტენებს, რომლებიც კარუსელებისთვის იყო განკუთვნილი

- რამდენიმე ადამიანის მხრიდან მცდელობა, რომ უბნებზე შევიდნენ მეორედ და ამაზე შეგნებულად ხმაურის ატეხვა

- ბიულეტენების უბნიდან გატანის მცდელობა და ამაზეც ხმაურის ატეხვა

- საჯაროდ დემონსტრირება ისეთი ფოტოების, დაიმახსოვრეთ ალბათ შეგვხვდება ეს ამბები, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს აიძულებენ ხმის მიცემას მმართველი პარტიისთვის ფოტოგადაღების კონტროლით, ყალბი აღქმის შექმნისათვის, რომ თითქოს ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა

- ასევე ფოტოების გავრცელება, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, შემდეგ კი გადახაზული, რითაც სოციალურ ქსელებში შეეცდებიან აღქმა შექმნან, რომ ხდება ხმის მიცემის დაძალება და ამით გამოწვეული პროტესტის დემონსტრირება

- საკუთარი ხელით გადაკეცილი ბიულეტენების გადაღება, რომ თითქოს კონტროლდება ვინ ვის მისცა ხმა       

და ეს არ არის რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი.       

ეს არის ძალიან მცირე და არასრული ჩამონათვალი, იმ ყალბი გეგმების, რასაც ნაცაგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები აპირებენ არჩევნების არალეგიტიმურობის კამპანიასთან დაკავშირებით.       

                                        

ჩვენ საკუთარი ვალდებულების ფარგლებში კვლავ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას, თუ როგორ ცდილობენ ყალბი აღქმებით და ფეიკკამპანიებით, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ნების გადაფარვას და ამ ქვეყნის გაწირვას გარდაუვალი დაღუპვისთვის, რის საშუალებასაც ბუნებრივია ჩვენ ნაც აგენტურას და მათ პატრონებს, არ მივცემთ არასდროს. ამიტომ, გააფერადეთ წრე 41-ის წინ და უზრუნველყავით მხოლოდ ევროპისკენ სვლა, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ უკეთესი ცხოვრების პირობებით"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს აქციაზე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.

„მთელი დღეა კამპანია აქვთ რაოდენობასთან დაკავშირებით. კადრები რაც გაავრცელეს, ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი, რატომ იკლებენ და რატომ ამბობენ ათეულობით ათასი იყოო არ მესმის. თავიდან თქვეს 100000, მერე თქვეს 190 000, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, სადაც 25 000, 20 000 ადამიანი ჩანს. რა ხდება ვერ გავარკვიეთ, იქნება გაგვარკვიონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში