არჩევნების მეორე დღე იქნება წყნარი, მაგრამ ომის დასრულებამდე ყველა დღეს შეიძლება, პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, რადგან იქნება დაძაბული ველი, შესაბამისად, გვმართებს დიდი სიფრთხილე - ბიძინა ივანიშვილი

21 ოქტომბერი 2024, 21:16 294 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული წინასაარჩევნო გარემოა, რადგან პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და ეს შეფასება საკმაოდ პოზიტიურია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან. მისივე თქმით, მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ რასაც მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში