მაღალი ხარისხის და მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდებას რაც შეეხება, საუბარია კლინიკებისთვის მეტი შესაძლებლობების მინიჭებაზე, რომ ჰქონდეთ სამედიცინო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდების საშუალება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის შესახებ.
„ერთ-ერთი უპირველესი, რაც დასახელდა, ამ დრომდე მოქმედი რეგულაციების თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში დიდი უხერხულობა ექმნებოდათ პაციენტებს. არსებული წესების მიხედვით, გათვალისწინებული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოსვლის საჭიროება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს სურდა განსხვავებული მოდელით ან, მაგალითად, გარკვეული დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა. ასეთი სურვილის შემთხვევაში, ისინი დგებოდნენ დილემის წინაშე: ან დარჩენილიყვნენ პროგრამაში და მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება, ან მცირედი ცვლილების შემთხვევაში გასულიყვნენ და, შესაბამისად, მთლიანად საკუთარ თავზე აეღოთ ის ხარჯები, რომელებიც კონკრეტულ მანიპულაციას უკავშირდებოდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, მთავრობას სურს, რეგულაციები მეტად მოქნილი გახდეს.
„შემოღებული იქნება შესაძლებლობა. ამას სჭირდება მთავრობის დადგენილებაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პაციენტს ექნება შესაძლებლობა, დილემის წინაშე აღმოჩენის გარეშე, დამატებითი, გარკვეული განსხვავებული სერვისების მიღება კლინიკისგან, ოღონდ კონკრეტულ შემთხვევებს, პირობებს, ლიმიტებს და სხვ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, სარჯველაძის განცხადებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება დაშვებული თანაგადახდები.
„ფუნქცია ასევე საჭიროებს დეტალურ რეგლამენტაციას, რომ ადგილი არ ჰქონდეს პაციენტის მიმართ ისეთი ზომების გამოყენებას, რომელიც შეიძლება მას არათანაბარ ან ისეთ მდგომარეობაში აყენებდეს, რომელიც მისთვის, შესაძლოა, არ იყოს კომფორტული. ვფიქრობთ, ეს, პაციენტისთვის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ცვლილებაა. იმავდროულად, ეს დადებითად აისახება კლინიკების საქმიანობაზეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ კლინიკების შესაძლებლობები გაუმჯობესდეს, მეტი რესურსი ჰქონდეთ, მეტი დრო და მეტი ფინანსური სახსრებიც რჩებოდეთ, რომ გააუმჯობესონ მათ მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე ასევე საუბარი იყო ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ კლინიკებისთვის ასანაზღაურებელი თანხების გარკვეულ პროცედურებზე, რომლებიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული და არსებობდა გარკვეული წუხილები სამედიცინო სექტორში.
„ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა და სექტორთან მუშაობა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდება და ალბათ ახლო მომავალში გვექნება კონკრეტული შედეგებიც“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.