Euronews -ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს აქვეყნებს

25 ოქტომბერი 2024, 15:34 313 ნახვა

Euronews-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ  ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას ევროკავშირში გაწევრიანების და რუსული გავლენებისგან გამიჯვნის თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას.  

ინტერვიუსთვის მრავალრიცხოვანი ანტურაჟის თანხლების გარეშე მოსული, იგი ხალისით გვესაუბრა ფეხბურთის შესახებ და სიამაყით გაიხსენა Newcastle United-ის ყოფილი მოთამაშე, საქართველოში ლეგენდად ქცეული თემურ ქეცბაია და დაამატა, რომ იმავე გუნდში დღეს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი იზრდება. 

ამავე დროს, კობახიძეს კარგად ესმის, თუ რა დევს სასწორზე მისი ქვეყნისთვის შაბათს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში - უმნიშვნელოვანეს, საკვანძო მოვლენაში, რადგან შედეგებმა შეიძლება, განსაზღვროს ქვეყნის სამომავლო ინტეგრაცია ევროკავშირში და რუსული გავლენისგან გამიჯვნის პროცესი. 

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი სულ უფრო პოლარიზირებული ხდება, ხოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები არასანდო და ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზებს იძლევა. ეს განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა თბილისში, სადაც იმავე დღეს, ჩვენი ინტერვიუს პარალელურად, გაიმართა ხალხმრავალი პოლიტიკური აქცია: გზები გადაიკეტა და საღამოს დაგეგმილი ღონისძიებისთვის აღიმართა სცენა - დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელი იყო ათასობით ადამიანის გამოსვლა. 

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია ამ არჩევნებს უწოდებს არჩევანს „მშვიდობასა და ომს“ შორის, ოპოზიციური პარტიები უყურებენ ამას, როგორც ბრძოლას დემოკრატიულ დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის. 

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისა და რუსული შესაძლო გავლენის შესახებ წამოჭრილი კითხვების ფონზე Euronews-თან სიღრმისეულ ინტერვიუში კობახიძემ ისაუბრა მომავალი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ", - აღნიშნულია  ინფორმაციაში. 

გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს პრემიერ-მინისტრთან.  

Euronews: როგორც ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს, როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი? 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევნების მოლოდინში. ქვეყანა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული გამოწვევებიც.  

ჩვენ ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არჩევნები ასევე წარმოადგენს რეფერენდუმს მშვიდობისა და ომის საკითხზე. 

ჩვენ გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი. მეორე მხრივ, საქმე ეხება ქვეყნის განვითარებას. 

ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის თითქმის ორნიშნა მაჩვენებელი - ყველაზე მაღალი შედეგი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი.  

2021, 2022 და 2023 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 9.7%-ს. წლევანდელი წინასწარი მონაცემებით კი, გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასე, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩვენ გვესმის, რომ სათანადო ეკონიმიკური მაჩვენებლების გარეშე საქართველოს არ მიიღებენ, როგორც ევროკავშირის სრულფასოვან წევრს. 

Euronews: რა დონეზეა დიალოგი ევროკავშირთან თქვენი გაწევრიანების თაობაზე და როგორია შემდეგი ეტაპი ამ მხრივ საქართველოსთვის? 

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ვდგავართ გარკვეული გამოწვევების წინაშე დიალოგის თვალსაზრისით. თუმცა, ზოგადად, თუ შევაჯამებთ ჩვენი პოლიტიკის  შედეგებს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარმატებით გადადგა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციისკენ. 

ჯერ კიდევ 2014 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ასევე ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ შეთანხმებას. ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენ ასევე მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს. 

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან. 

Euronews: როგორც ქართველისთვის, რას ნიშნავს ევროპა თქვენთვის და რა მნიშვნელობას ანიჭებთ ევროკავშირის სახელით ცნობილ გაერთიანებაში წევრობას? 

ირაკლი კობახიძე: ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. 

მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი, ხოლო ევროპა ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან. საქართველოსთვის ევროპა ყოველთვის იცავდა, უფრთხილდებოდა ქრისტიანობას. 

სწორედ ამიტომაცაა ევროპა ბუნებრივი არჩევანი საქართველოსა და ქართველებისთვის. 

და სწორედ ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზი, თუ რატომ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 

ევროპის წევრობა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარების ტოლფასია. 

ამიტომაც ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის ერთგული ვართ.  

Euronews: თქვენ პრორუსი ბრძანდებით თუ ანტიევროპელი? შეგიძლიათ თუ არა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვათ ამ საკითხს? 

ირაკლი კობახიძე: როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით. ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული ქმედებებით შევძელით ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან. 

ამიტომაც ოპოზიციის მხრიდან ამ ტიპის მანიპულაციები უადგილოა. ეს მათი არჩევანია. ეს მათი საქმეა. ყოველივე ეს დემოკრატიის ნაწილია. 

ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას მომავალში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. 

Euronews: გარდა ევროკავშირისა, თქვენ, ბუნებრივია, გაქვთ კონტაქტი მთავრობებთან მთელ მსოფლიოში. როდის გქონდათ ბოლო საუბარი კრემლთან? 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.  ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი დღეის მდგომარეობით. 

Euronews: ამ კვირაში სხვა ქვეყნებშიც - კერძოდ, მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები. სახეზეა ბევრი მითქმა-მოთქმა ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის მხრიდან ჩარევის შესახებ. საქართველოშიც ხომ არ უნდა ველოდოთ მსგავს რამეს? 

ირაკლი კობახიძე: შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში.  არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ.  სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე. 

Euronews: თუ დავუკვირდებით, თქვენ თითქოს იმეორებთ კრემლის ნარატივს ზოგიერთ სტრატეგიასა და კანონთან მიმართებით, რომლებიც თქვენთან მიიღეს: მაგალითად, „უცხოეთის აგენტების“ და LGBTQ+ კანონები. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მათ კვალს მისდევთ? 

ირაკლი კობახიძე: ეს გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ. და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვთ საერთო რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.  ჩვენ მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონის შინაარსთან. ჩვენთან საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე.  კიდევ ერთი რამ, რაც გათვალისწინებულია ამ კანონით, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აბარებენ იუსტიციის სამინისტროს თავიანთ ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციებს - სულ ეს არის.  არ არის გათვალისწინებული არანაირი შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით აბსოლუტურად ყალბია გზავნილები რუსულ კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს LGBTI-ს შესახებ, ის ასევე წარმოადგენს ჩვენი ერის გადაწყვეტილებას. 

Euronews: უკრაინის ომთან დაკავშირებით თითქოს შეიმჩნევა ტონის ცვლილება. უყურებს თუ არა საქართველო ამას, როგორც შესაძლებლობას, გააჟღეროს და სხვებს მიაწვდინოს თავისი დამოუკიდებელი ხმა? და თუკი ამაში არსებობს რაიმე შესაძლებლობა, რაში გამოიხატება ის კონკრეტულად თქვენთვის? 

ირაკლი კობახიძე: ზოგადად, ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია.  ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და რუსეთის სამხედრო აგრესიის დასაგმობად.  ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან დამაჯერებლად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. და, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ეფუძნება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს. 

Euronews: ნებისმიერ ომს მოაქვს თავისი წილი საშინელება, როგორც ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე. საქართველომაც დაკარგა ტერიტორიები თავისი ისტორიის განმავლობაში. რა გავლენა იქონია ყოველივე ამან თქვენზე, როგორც პიროვნებაზე და პოლიტიკოსზე თქვენი კარიერის განმავლობაში თქვენი სტრატეგიების თვალსაზრისით? 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.  მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. და ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში.  ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია. 

Euronews: რას ნიშნავს ომის პირობების გარემოცვაში ყოფნა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა? 

ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მაგრამ ვიმეორებ, რომ, გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. 

Euronews: როგორ რეაგირებთ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე? რა გავლენა აქვს ამ სანქციებს რეგიონზე? 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა ჩვენგან ამ სანქციებზე მიერთებას, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად გადავწყვიტეთ. ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი.  საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება.  ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა.  და მაინც, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად. 

Euronews: მოდით, ვისაუბროთ ვაჭრობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. რა როლს ასრულებს საქართველო ამ მოცემულობაში? ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია?  

ირაკლი კობახიძე: საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, განსაკუთრებით ახალი გეოპოლიტიკური გარემოებების პირობებში.  მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან.  შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის კაბელის პროექტები ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრებს.  ჩვენ ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ წარმატებით ავაშენეთ 300 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალები საქართველოში, ასევე, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა.  ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში, ვაფართოებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და ვაუმჯობესებთ მის შესაძლებლობებს - აღნიშნა Euronews-თან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში