უცხოელ აქტორებს ვურჩევდი, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით, თუ არ უნდათ, კიდევ ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდონ თავი - პაპუაშვილი

29 ოქტომბერი 2024, 14:04 246 ნახვა

ყველა უცხოელი აქტორის მიმართ ჩემი რჩევა იქნება, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით, თუ არ უნდათ, რომ კიდევ ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდონ თავი და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არჩევნების შეფასებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ურჩევს.

„ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები. მართალია, შემდეგ ბოდიშს აღარ იხდიან, მაგრამ საბოდიშოდ აქვთ ხოლმე საქმე. შეგახსენებთ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როდესაც ევროკავშირის ელჩები ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით მივიდნენ იუსტიციის სამინისტროში ყალბი საფუძვლით, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობა იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და საჭირო იყო მისი გადაყვანა. მათ საქართველოს გამოუცხადეს დემარში იმ ქვეტექსტით, რომ მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საქართველოს, რომ ეს პრობლემა – სააკაშვილის ციხეში ყოფნა, მოეცილებინათ და სადმე საზღვარგარეთ გაგვეყვანა.

 

რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ 27 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ამხილა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებაზე დაფუძნებული. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები, როდესაც აღმოჩნდა, რომ დემარში აბსოლუტურად გამოგონილ, ცრუ ბრალდებას ეფუძნებოდა. ვინ ამყარებდა ამ ბრალდებებს? ამყარებდა მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც ყალბი დასკვნა შეადგინა. დასკვნაში ეწერა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ მისთვის სასჯელის გადავადების ყველა საფუძველი არსებობდა. სტრასბურგმა ლომჯარია ამხილა ტყუილში, რომ არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ იყო.

 

ამ დემარშს ასევე საფუძველს უქმნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავეს ამტკიცებდნენ, და ოპოზიცია. ახლაც ვინ ქმნის ხმაურს და ფსევდომტკიცებულებების კორიანტელს? ოპოზიცია და ზუსტად იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები. ამიტომ, ყველა უცხოელი აქტორის მიმართ ჩემი რჩევა იქნება, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით, თუ არ უნდათ, კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი ქართველი ხალხის მიმართ უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი, რაც ეუთო/ოდირის მხრიდან ითქვა, ეს არის ის, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

„ეს არის ერთადერთი დასკვნა, რომელიც რელევანტურია. სხვა დანარჩენი, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გვესმის, ეს არის პოლიტიკური განცხადებები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ არჩევნებში არა მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიცია, არამედ მათი უცხოური მფარველებიც დამარცხდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში