"ხობი-2 ჰესი" ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა - პრემიერი

30 ოქტომბერი 2024, 14:29 325 ნახვა

"ხობი-2 ჰესი"  არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ხობი-2 ჰესის'' ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება - 202 მლნ კვტ/სთ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა ამ ჰესის მშენებლობასთან ერთად, რაც მოიცავდა, მათ შორის, მდინარის გათევზიანებას, ადგილობრივი სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას, ნიკო კვარაცხელიას ფონდის მხარდაჭერას ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ასევე მუხურის ენდემური ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, გამრავლებას, ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა კომპანიას, კომპანიის ხელმძღვანელობას ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, დღეს დადგმული სიმძლავრის მოცულობა 4600 მეგავატამდეა გაზრდილი. ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი და 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარების მაჩვენებელს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი 4 წელიწადი ეკონომიკური ზრდის კუთხით, როდესაც 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი გეგმის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით ლარით უნდა გაიზარდოს. ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა ასევე წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ათვისების თვალსაზრისით. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში. ანუ, 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები. ჩვენ გვაქვს ასევე ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის უნდა გადააჭარბოს უკვე 10 000-ს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში