საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

04 ნოემბერი 2024, 23:01 326 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP), რომელიც სერბეთში, ბელგრადში გაიმართა.

კონფერენციაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს უნგრეთისა (როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის) და პოლონეთის (ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის) ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ევროინტეგრაციის მინისტრმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე და გამოწვევებზე, გეოპოლიტიკური გარემოს გავლენაზე და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გასული წლის დეკემბერში გახდა. საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. გასულ კვირას საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ქართველ ამომრჩეველთა 53 პროცენტზე მეტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ისინი თავიანთ ევროპულ მომავალს მმართველ პარტიას ანდობენ. გასულ კვირას ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშიც გამოაქვეყნა. საქართველომ გაფართოების 35 თავიდან პროგრესის სხვადასხვა დონე აჩვენა 25 მიმართულებით და მიუხედავად ბევრი ბრალდებისა და სპეკულაციებისა, საქართველო ასწრებს ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას ფუნდამენტური უფლებების საკითხშიც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციულ კამპანიებზე, რაც, მისი თქმით, მცდარ აღქმებს ქმნის საქართველოსთან მიმართებით და უარყოფით გავლენას ახდენს ევროინტეგრაციის პროცესზეც.

„არ შეიძლება, უგულებელვყოთ საქართველოსთან დაკავშირებული მასიური დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც ხშირად ჩრდილავს ყველა პოზიტიურ განვითარებას და ქმნის ძალიან მცდარ წარმოდგენებს საქართველოს შესახებ. საჭიროა, გავაცნობიეროთ, რამდენად საფრთხის შემცველია ამგვარი მიდგომა, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი განვითარებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა ქვეყნის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნეს გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან და შეუქცევადი გახადოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა აგრეთვე შეეხო რეგიონულ თანამშრომლობას და დაკავშირებადობის საკითხებს. დისკუსიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით.

COSAP-ის საპარლამენტო კონფერენცია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის საერთო პლატფორმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, 2005 წლიდან მოქმედებს. საქართველომ მიმდინარე წელს თბილისში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გამართვით საფუძველი ჩაუყარა კანდიდატ ქვეყნებს შორის კონსულტაციების ახალ ფორმატს და, შედეგად, COSAP-ის საპარლამენტო კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მასპინძელი ქვეყნის მოწვევით უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში