დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რაზეც ოცნებობდა ილია, ილიას საქართველო ვართ აქ, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი ყველას ხელით - პაპუაშვილი

08 ნოემბერი 2024, 14:38 223 ნახვა
 

როგორც ყველა დროში, ისე დღესაც, ჩვენ ვართ მომსწრე ბოროტების, მტრობის, შინაურის ძირგამომთხრელი საქმიანობის ძალაუფლების ჟინითა და შურისძიების წყურვილით აღვსილი ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან, ყოველი საშუალებით უმტრონ ქვეყანას და თავისი უპასუხისმგებლობით, როგორც არაერთხელ მომხდარა, ქვეყანა გადაჩეხონ და თავად იხეირონ. ჩვენს წარსულში ასეთი ადამიანებისგან ნასროლი ტყვია მოხვდა ბევრ ქართველს და, პირველ რიგში, ილიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არსებობს ერთი დიდი განსხვავება, დღევანდელ საქართველოსა და საუკუნე-ნახევრის წინანდელ საქართველოს შორის. მისივე განცხადებით, დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხვის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი.

„ტყვიები დღესაც ზუზუნებენ, ხილულიც და უხილავიც. ამ ტყვიების სამიზნე დღეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების გონებაა. ცდილობენ სიცრუით, ტყუილით, ორპირობით ადამიანთა გონების არევას, ფიზიკური რეალობის უარყოფას, სამშობლოზე წინ სხვათა ინტერესების დაყენებას. ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი სირთულეები თუ გამოწვევები, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება დღევანდელ საქართველოსა და საუკუნე-ნახევრის წინანდელ საქართველოს შორის. დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხვის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი. სწორედ ილიას მიერ ჩაყრილ საძირკველზე აღმოცენდა ქართული სახელმწიფო, ქართული ცნობიერება და პატრიოტული განცდა. დღეს კი ჩვენი თაობის შესაძლებლობაა, დაწყებული საქმე დავასრულოთ, შევქმნათ ისეთი მყარი სახელმწიფო, სამოქალაქო განცდით, ეროვნული თვითშეგნებით, სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთ ოქროს ხანას დაუდებს სათავეს. ილიას საქართველო ვართ აქ. დღევანდელი დღე, ჩვენი აწმყო არის მისი კვალი, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი, ყველას ხელით ერთად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით – მამული, ენა, სარწმუნოება - გამოეხატა ის არსი, რაც ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს, ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ.

"187 წლის წინ საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელსაც ურთულეს დროში, ბობოქარი იმპერიების აღზევებისა და ერთა ასიმილაციის ხანაში, ათასობით წლის განმავლობაში ნაომარ, ნაშრომ, წინაპართაგან დატოვებულ მიწაზე თავიდან უნდა განესაზღვრა, თუ რას ნიშნავს, იყო ქართველი, როგორ უნდა ვიცხოვროთ ინდუსტრიული ტექნოლოგიების ცვლილების დროში და სადაა ის სხვა ვარსკვლავი, რომელსაც უნდა მივდიოთ. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინ მავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს. ის სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც წინაპართაგან მიიღო სრულიად საქართველომ, რომელსაც მოუარა, მიხედა, ააღორძინა და ჩვენ გადმოგვცა ილია ჭავჭავაძემ, დღეს ჩვენი საპატრონოა, ჩვენი მოსავლელი და განსამტკიცებელია. სრულიად ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით – მამული, ენა, სარწმუნოება – გამოეხატა ის არსი, რაც ასე მარტივად, ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს, ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე.

„დღეს ჩვენი შეკრება მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სულ ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, თავისი არსით და შინაარსით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ არჩევნები. სულ ახლახან ქართველმა ერმა ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას, ქვეყნის დაცულობას, განვითარებას, მოძლიერებას და წინსვლას ამ მართლაც ურთულეს დროში. საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს, ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის. ჩვენ გამო სხვა თავს არ მოიკლავს. ჩვენ გამო არავინ გაწირავს საკუთარს. უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც გვაბადია, ჩვენივე საპატრონოა. ჩვენ ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია როგორც წინაპრების, ასევე ჩვენი შვილებისა და მომავლის წინაშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში