არჩევნები დამთავრდა, ცესკო შეაჯამებს შედეგებს, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა - პრემიერი

08 ნოემბერი 2024, 15:04 246 ნახვა
 
 
 

არჩევნები არის დამთავრებული, ცესკო-ს მიერ შეჯამდება არჩევნების შედეგები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები.

„არჩევნები არის დამთავრებული, უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკო-ს მიერ. ამის შემდეგ ძალიან მალე შედგება პარლამენტის პირველი შეკრება, თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, ამას ვერ მოახერხებენ.

"რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ, შექმნან პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. ოთხი წლის წინ მათ ჰქონდათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები, მაშინ გახსოვთ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება, ამის არავითარი რესურსი დღეს აღარ არსებობს. ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის წევრები პარლამენტში თუ არ შევლენ, მეტი სიმშვიდე იქნება ქვეყანაში.

„სამწუხაროდ, მგონია, რომ შევლენ, ალბათ შევლენ. არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. არავითარი რესურსი არ აქვთ, რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება. არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, მეტი სიმშვიდე იქნებოდა ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასედაც და ისედაც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ, შემოვიდნენ, უნდათ, ნუ შემოვლენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში