ოპოზიციას პულსი არ ესინჯებოდა, როგორ შეიძლებოდა, გაემარჯვა ძალას, რომელიც მხარს უჭერს იმას, რომ ბიჭი ბიჭი არ არის - მეუფე იაკობი

09 ნოემბერი 2024, 18:41 264 ნახვა

მეუფე იაკობმა ქადაგებისას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და არასრულწლოვანთა დაცვისა და ევროპელი ლიდერების მხრიდან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„არჩევნები ჩატარდა. ქართველების დაკვეთა იყო, რომ 150 კაცი აგვერჩია პარლამენტში, ავირჩეთ. შევიკრიბოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ქართველ ერს წაადგება. ღვთის ნება რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ დამთავრდებოდა?!

 

შეეძლოთ, ჩვენ ნატო-შიც მივეღეთ და ევროკავშირშიც და ავრიდებოდით ამ ტერიტორიების დაკარგვას, სამოქალაქო ომს. მერე აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონსაც რა უქნეს?! ამიტომ, დღეს რომ ჭკუას გვარიგებენ, ბევრი რამ იმათი ბრალიც არის.

 

ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა. კანონი რომ შემოტრიალდა ხელმეორედ, ძალიან ბევრი საუბარი წავიდა – რუსული კანონიო, რუსული მთავრობაო, ევროპას გვართმევენო და ახალგაზრდობაც გამოვიდა ქუჩაში, ძველგაზრდობაც დაირაზმა. მოლდოვა და უკრაინა თუ ჩვენზე წინ არიან, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ჩვენ მაინც ხომ ვიცით, იქ რა ხდება. ვერ მოხდა ცვლილებები, რაც უცხოეთს უნდოდა, შემდეგ წავიდა ჭიდილი; საზღვარგარეთი ცდილობდა თავისას, ჩვენთან ცდილობდნენ თავისას.

 

ჩვენს ოპოზიციას საზღვარგარეთის დახმარების გარდა არაფერი ჰქონდა. გონებათა ჭიდილი წავიდა და ხელისუფლებამ აქაც მოიფიქრა, მე ვფიქრობ სწორად მოიფიქრეს, ოჯახური ღირებულებებისა და ახალგაზრდობის დაცვა, რომ სკოლებში პროპაგანდა არ იყოს. ევროპარლამენტმა ამ კანონზე მოგვითითა, რომ უნდა გაიწვიოთო. იმ კანონზე კიდე შეიძლება ლაპარაკი და ამ კანონზე რატო მიშლი? – ჩემთვის კაცი კაცია და ქალი ქალია. ჩართეს საქართველოს პრეზიდენტიც. განსაკუთრებით აქტიურობდა საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, პოლონელი აჰყვა კიდევ. გეუბნებიან, ეგ კანონიც გაიწვიეთ სხვასთან ერთად და მერე დაგელაპარაკებითო. როგორ შეიძლებოდა, გაემარჯვა იმ ძალას, რომელიც მხარს უჭერს იმას, რომ ბიჭი ბიჭი არ არის და გოგო გოგო რომ არ არის, როგორ შეიძლებოდა, მეტი ხალხი ჰყოლოდათ. მე ისედაც მიკვირს, ხალხმა ეტყობა ვერ გააცნობიერა, იმიტომ მისცა მაგათ ხმა. ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან – ვიოლა ფონ კრამონი, ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან – ბატონი შოლცი, ​ან ღმერთი უნდა აგერჩია, ან – მაკრონი.  რისთვის იკლავენ თავს ჩვენთვის? – იმიტომ, რომ აქ ცოტა ხანში ძალიან დიდი ფულის შოვნა იქნება შესაძლებელი და თავიანთთვის უნდათ და არა ქართველებისთვის. იცოდეთ, რომ ეკლესია ყოველთვის იქნება ხალხთან“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში