თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას - ირაკლი კობახიძე

11 ნოემბერი 2024, 16:50 281 ნახვა

თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში - საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვინმე დაამტკიცებს თუ რატომ არის მიღებული კანონები ცუდი გადაწყვეტილება, თანახმა იქნება მსჯელობაზე.

"რაც შეეხება კანონებს, თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში - საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. რეალურად, ეს არის კიდევ უფრო მძაფრი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომდინარე იქიდან, რომ იქ არაერთი მიმართულებით სამწუხარო ტენდენციები კიდევ უფრო მძაფრად გამოიკვეთა.

 

ჩვენ თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ კანონში რაიმე არის ცუდი, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული ნორმა, რომელიც არის გაწერილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში, ემსახურება სწორედ შესაბამის ინტერესებს, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს.

 

იგივე ეხება გამჭვირვალობის კანონს, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ენჯეო-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და არა პირიქით, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია დისკუსიისთვის.

 

თქვენ გახსოვთ, მე პირადად არაერთხელ მოვიწვიე დებატებში თუ დისკუსიაში შესაბამისი სუბიექტები. მათ შორის უცხოელი დიპლომატები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პროტესტის მონაწილეები, პოლიტიკური პარტიები. ყოველ ჯერზე ისინი ამბობდნენ ამ დისკუსიაზე უარს. რატომ? იმიტომ,რომ სინამდვილეში არაფერი აქვთ სათქმელი არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვართ ღია დისკუსიისთვის. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ენჯეო-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ოჯახური ფასეულობების დაცვა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები და არა ასეთი უხეში საუბრები, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, რატომ ისმის გახარიას პარტიისგან მოწოდებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათგან არ ისმოდა მსგავსი განცხადებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ერიდებოდნენ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს.

„ისინი ერიდებოდნენ ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა დასრულებულია არჩევნები და უფრო თამამად ასრულებენ იმ დავალებას, რომელსაც გარედან იღებენ. ისინი, რეალურად, ხედავენ, რომ მათ არაფერში აწყობთ ამ კანონის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ისინი, არამედ, ასე ვთქვათ, მათი პატრონები, გარედან, მათ უწევთ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც არის აბსოლუტურად არაპოპულარული. გახსოვთ, თავის დროზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, როცა ის მიიღებოდა პარლამენტში. რა თქმა უნდა, ესეც იყო დავალების შესრულება, არაფერში აწყობდათ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ახლაც მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში