პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი - ირაკლი კობახიძე

13 ნოემბერი 2024, 11:45 295 ნახვა

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს, ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ ოთხი წლის წინაც და გამოვიყენებთ ახლაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი.

„ამას მეტი დატვირთვა ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი. როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს პარლამენტს ან ცესკო-ს სიების ჩახსნაზე, მანდატის შეწყვეტაზე, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას და თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად.

„პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას. ვინც ერკვევა ელემენტარულ იურისპუდენციაში, რა თქმა უნდა, დაადასტურებს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში