ირაკლი კობახიძემ თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა

17 ნოემბერი 2024, 16:15 245 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს: „ზღვის პროდუქტები“, „პალიასტომი 2004“, „გეოფიშ კომპანი“, „აისბერგი 2“, „მბმ“.

„ლიცენზიის მფლობელი კომპანიები თევზს, მოპოვებასთან ერთად, ამუშავებენ და ამ მიზნით ბოლო წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თევზის ფქვილისა და ზეთის დამამზადებელი ოთხი საწარმო და სამი გამყინავი ქარხანა გაიხსნა. ლიცენზიის გაცემისას არცერთ ქართულ კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი თევზსაჭერი გემი და თევზჭერა იჯარით შემოყვანილი გემების მეშვეობით ხორციელდებოდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად, დაიწყო მუშაობა ქართული თევზსაჭერი ფლოტის შექმნაზე, რის შედეგადაც, ლიცენზიის მფლობელმა კომპანიებმა ხუთი გემი შეიძინეს.

 

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის შედეგად, ქართული თევზსაჭერი ფლოტი ცხრა გემით გაიზარდა. პროგრამამ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზსაჭერი გემების შეძენის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მეთევზეებსაც, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

 

ქართული გემების ეკიპაჟი გადამზადებული ქართველი მეთევზე მეზღვაურებით დაკომპლექტდება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 38 მილიონ ლარს აჭარბებს. დასაქმდა დამატებით 161 ადამიანი. ახალი გემების შეძენა ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თევზის რესურსის სრულად ათვისებისა და ქვეყანაში საექსპორტო თევზის პროდუქტის სისტემატიზებული წარმოების საშუალებას აძლევს“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში