ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ამოცანა შესრულდეს - პრემიერი

17 ნოემბერი 2024, 19:36 262 ნახვა

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ამოცანა შესრულდეს.

პრემიერის თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობა მიდის ისე, როგორც იყო გათვლილი.

"რაც შეეხება, ზოგადად, ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც გვქონდა გათვლილი. დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში, დასრულდა მეორე არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასრულდა ზუსტად ისე, როგორც ეს წაადგება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა არის კიდევ ერთი, მესამე საკითხი დარჩენილი, ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაშიც ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ სამი მოვლენის დასრულების შემდეგ ყველაფერი წავა დადებითი მიმართულებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა კითხვას, ემუქრება თუ არა საფრთხე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას? -  ასე უპასუხა:

„ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზულია. ყველაფერი წავა ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვისკენ, რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ამოცანა შესრულდეს. ამისთვის ჩვენ ოთხი წლის თავზე გვექნება შესრულებული ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში