ხვეწნას არ დავუწყებთ, პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ ხვეწნას, ისეთი უთავმოყვარეოები არიან, ყველანი შემოვლენ პარლამენტში - მდინარაძე ოპოზიციაზე

17 ნოემბერი 2024, 20:40 267 ნახვა

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არავის ხვეწნას არ დავუწყებთ ჩვენ იქით, გამორიცხული ამბავია, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ვაჭრობა - პარლამენტში შემოვალ და არ შემოვალ, უნდა დამთავრდეს. უნდა მიხვდნენ, რომ წაგებულმა, დამარცხებულმა უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და სულ გადატრიალებაზე, ამოტრიალებაზე და რაღაც სისულელეებზე აღარ უნდა იფიქრონ, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით ხვეწნას.

„პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ ხვეწნას. ისეთი უთავმოყვარეოები არიან, ყველანი შემოვლენ პარლამენტში - დაიმახსოვრეთ, რამდენს ექნება სურვილი. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ და ასეც უნდა მოიქცნენ, იმიტომ, რომ თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია. მართლა რომ ყოფილიყო ლაპარაკი, პირობითად დავუშვათ 3 000 ხმაზე ან რამდენიმე ათას ხმაზე, იქ ჩამოიქცეოდა ყველაფერი. ერთი შემთხვევა იყო, სადაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და ის ადამიანი დაკავებულია - ერთადერთი შემთხვევა. მტკიცებულების მაგვარი არ გააჩნიათ არაფერი, მაინც, როგორც კანონია „რუსული“, მიაჩნიათ, რომ უნდა უკაკუნო ადამიანს თავში, რომ კანონია „რუსული“ და რა მნიშვნელობა აქვს ის რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული, ამ ლოგიკით მოქმედებენ ისინი, რაც გამორიცხულია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ ქვეყანაში ტყუილები ვეღარ შეასაღონ ადამიანებს და ამის გარანტორები ჩვენ ვართ.

 

არ შეიძლება სერიოზულად ელაპარაკო ადამიანს, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, ამით 300 000 ხმა გაყალბდა, მე რომ ვიღაცამ იგივე მაკადროს, ბუნებრივია, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს, იმიტომ, რომ ტყუილსაც გააჩნია. ერთი ტყუილი „აჭამეს“ ხომ ადამიანებს, რომ რუსული იყო კანონი. ვიღაცამ დაიჯერა, რაღაც არგუმენტები ჰქონდათ, რაღაცებს ყვიროდნენ რომ რუსეთში არსებობს მსგავსი სფეროს მარეგულირებელი კანონი და ამით კიდევ რაღაც გააძვრინეს, ამერიკულს, კანადურს, ფრანგულს დაანებეს თავი, დაამახინჯეს რეალობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, აქ არ არსებობს რეალობა არც დასამახინჯებელი, არც დაუმახინჯებელი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინ რას კადრებს და ასეთი რაღაც არავის უნდა ვაკადრებინოთ რომ ასეთი ტყუილის გავლენის ქვეშ მოგვაქციოს.“ - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში