რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს მიმართა, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, ამ შემთხვევაში, ბრიუსელს - პრემიერი

18 ნოემბერი 2024, 11:36 234 ნახვა

რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს მიმართა, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ, ამ შემთხვევაში, ბრიუსელს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ვინაიდან ამას საზოგადოება ხედავს.

პრემიერის შეფასებით, ის 785 000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათან გადააფასებს საკუთარ არჩევანს.

„დღეს, ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა, ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები – მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს, არც მეტი, არც ნაკლები. მოითხოვეს კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელისუფლებას შორის. მათ მოითხოვეს 120 მლნ-იანი დაფინანსების შეჩერება და ასევე მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სამი მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს.

ისინი ყოველდღიურად ავლენენ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ის 785 000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს და, საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს იმისათვის, რომ მათ სათანადოდ მართეს ეს პროცესები დღემდე და, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება პროცესების მართვა მომდევნო დღეების განმავლობაშიც. საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომელიც სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სტაბილურობა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში