აგენტურული ოპოზიციის ექსტრემიზმი წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც საქართველოში წინა დღეებში ჩამოვიდნენ - მამუკა მდინარაძე

19 ნოემბერი 2024, 12:16 263 ნახვა

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის. არ შეიძლება, რამდენიმე ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აგენტურული ოპოზიცია წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ გასული დღეების განმავლობაში.

„იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეებში, წააქეზეს აგენტურა, აქ მაიდნისკენ მოუწოდეს და მშვიდად დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მდინარაძის თქმით, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია.

„ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელემედიების ჟურნალისტები არც კი იმჩნევენ ხოლმე საკუთარი კოლეგების ბულინგს, შეურაცხყოფას და მშვიდად უყურებენ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მათაც მოვუწოდებ, რომ ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩინონ კოლეგიალურობა და ერთი სიტყვა გაბედონ სხვა ჟურნალისტების დასაცავად“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში, აგენტურულმა ოპოზიციამ თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები.

„ისინი ითხოვენ ევროპელებისგან, რომ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარი სამშობლო დასაჯონ ევროპელებმა რაიმე გზით, ევროპელები ვერ და არ უკმაყოფილებენ ამას, რადგან ობიექტური მოცემულობა არ არსებობს. ისინი ხალხის დასჯას ითხოვენ, იმხელა აგრესია აქვთ ხალხის და საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ ვეღარ მალავენ უკვე. მეტად დადასტურებული, რომ ისინი ჯაშუშები არიან, აქამდე არ ყოფილა. უკვე ყველამ ერთობლივად მოაწერა ხელი საქართველოს და ქართული საზოგადოების დასჯას, ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ალბათ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, გუშინ საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აბსურდული განცხადებები, რომლებსაც ვერც თავი გაუგო ვერავინ და ვერც ბოლო.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, თუმცა პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას, რასაც ელოდებოდა საზოგადოება, ნიშნავს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას თუ არა.

„სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ის ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას, მეტი სიცხადისათვის, გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ. თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. შესაბამისად შევიკრიბებით პარლამენტში და შევუდგებით საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში