„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი - მამუკა მდინარაძე

21 ნოემბერი 2024, 13:11 303 ნახვა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მდინარაძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი. მისივე თქმით, კანდიდატურები პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

„გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი.

 

ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატებზე განცხადების გაკეთების უფლება მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აქვს.

„პრეზიდენტობის კანდიდატს რაც შეეხება, დღეს ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არც ერთი სიტყვა, ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსიები არსებობს უამრავი, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ. ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი ამაზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, ცვლილება იქნება თუ არა, მოდით ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამის თქმის უფლება არ აქვს არავის, გარდა ირაკლი კობახიძისა. სწორედ ის არის სწორედ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სხვას ამის თქმის უფლება არ აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში