19 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლიზი თირქიას ბრალდებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური უარყოფს

22 ნოემბერი 2024, 10:35 322 ნახვა

19 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლიზი თირქიას ბრალდებას, თითქოს მას ტელეფონით დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და ის 5 პოლიციელზე თავდასხმასა და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს, უარყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შესაბამის აუდიო მასალას ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებებისა და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მისვლა შესთავაზა.

მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი. ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შესთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება", - წერია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე საკითხის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში