პარლამენტის წევრობაზე ფროიდისეული წამოცდენები ოპოზიციას ხშირად აქვს, ვნახოთ, ვინ დაწერს უარის განცხადებას მანდატებზე - შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2024, 10:43 238 ნახვა

პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკო-დან ეს საბუთები არ აუღიათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აიღებენ საბუთს და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.

"პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკო-დან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა, იმედი მაქვს, მიმართავენ, აიღებენ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას, დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.

ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვნახეთ, ერთ-ერთი პარტიის წევრმა საკუთარ თავს როგორ უწოდა არჩეული დეპუტატი, ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი წინ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები იქნება.

„პარლამენტს და პარლამენტის კონფიგურაციას რაც შეეხება, თქვენ ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა დაასახელა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ნახეთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს გაუძღვებიან. შეგიძლიათ, უკვე აქედანვე იგულისხმოთ, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებს, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში