უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული დაკრედიტების ზღვარის 500 000 ათას ლარამდე გაზრდა მოქალაქეებსა და კომპანიებს რისკებისგან დაიცავს - სებ-ი

27 ნოემბერი 2024, 15:06 235 ნახვა

ფინანსური სექტორი არის მდგრადი, კაპიტალიზებული, ლიკვიდური, სტაბილურად მომგებიანი, აქტივების ხარისხი კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, შესაბამისად, კონტრციკლური ბუფერის კუთხით არაფერი შეგვიცვლია, იგივე დავტოვეთ, სხვა ინსტრუმენტებიც ამ კუთხით არ გამოგვიყენებია, – ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით უტიაშვილმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აგრძელებს ფინანსურ სექტორზე დაკვირვებას.

„დოლარიზაცია არის ფინანსური სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ერთი წლის უკან, როცა უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული დაკრედიტების ზღვარი 200 000-დან 300 000 ლარამდე გავზარდეთ, განვაცხადეთ, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი და ეროვნული ბანკი შემდგომი შესაძლებლობების შემთხვევაში ამ ზღვარს კვლავ გაზრდიდა. ასეთი შესაძლებლობა გვქონდა აპრილში და მაისიდან ეს ზღვარი 300-დან 400 000 ლარამდე გაიზარდა. ახლა ჩავთვალეთ, რომ კარგი დრო და გარემოებებია ამ ზღვარის 400 000-დან 500 000 ლარამდე გასაზრდელად. ყველა ჩვენს მოქალაქეს თუ კომპანიას, რომელსაც სესხის ჯამური ოდენობა, ახალი სესხის ჩათვლით 400 000-დან 500 000 ლარამდე აქვს, კრედიტორები მხოლოდ ლარში მისცემენ სესხს და ამით ისინი იქნებიან სავალუტო რისკებისგან დაცული“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას და ფინანსური სექტორის რისკებიც შემცირდება. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება რეიტინგებზე და ყველა შეფასებაზე, რომელიც საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ კეთდება.

„პარალელურად, საჭიროდ ჩავთვალეთ განგვეხილა სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება. დაახლოებით სექტემბერ--ოქტომბერში ცალკეული კომპანიების ნაწილმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა მიმდინარე ანგარიშების ნაწილი ლარიდან უცხოურ ვალუტაში გადაიტანა. ეს უკავშირდებოდა წინასაარჩევნო მღელვარებას, რომ კურსი შეიძლება გაუფასურებულიყო. თუმცა, პრაქტიკაში ისე მოხდა, რომ მიმდინარე ანგარიშებზე უცხოური ვალუტის შედარებით მეტი ლიკვიდობა დაგვიგროვდა. ეს გარკვეულ საფრთხეს ქმნიდა, რომ ბანკებს დამატებით მოტივაციას გაუჩენდა, აღნიშნული თანხები უცხოური ვალუტის სესხების სახით გაეცათ, რაც დოლარიზაციას გაზრდიდა. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ახლა კარგი დროა სარეზერვო მოთხოვნების გასაზრდელად, რომ უცხოური ვალუტის ანაბრებზე არსებული თანხა არ გავიდეს ისევ სესხების სახით და საბანკო სექტორში დოლარიზაცია არ გაგვიზარდოს. ამიტომ სარეზერვო მოთხოვნების ზედა ზღვარი 5% პუნქტით გავზარდეთ“, - განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

დავით უტიაშვილის განმარტებით, სარეზერვო მოთხოვნები დოლარიზაციის მაჩვენებლის მიხედვით განსხვავებულია და ამ ეტაპზე 10-დან 20%-მდე მერყეობს, რეგულაციის ცვლილების შემდეგ გახდება 10-დან 25%-მდე მოკლევადიანი ვალდებულებებისთვის, რითაც უცხოური ვალუტის ლიკვიდობის ბაზრიდან ამოღება მოხდება.

„ეს არის დედოლარიზაციის ღონისძიება. ეროვნული ბანკი აკვირდება გარემოებებს, ამ დინამიკასაც დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება ბაზარზე. მომდევნო პერიოდშიც შეიძლება, დამატებითი ინსტრუმენტები განვიხილოთ ან არსებულ ინსტრუმენტებს გადავხედოთ იმის მიხედვით, თუ რა გარემოებები გამოიკვეთება ბაზარზე“, -განაცხადა დავით უტიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში