ჩვენი პროგრამის მიხედვით, 2028 წლისთვის საქართველოში უმუშევრობა 4 %-ს ჩამოცდება, რაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელია - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი 2024, 13:14 436 ნახვა

ძალიან დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 5-წლიანი პროგნოზი, 2029 წლის ჩათვლით, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში იქნება მოწინავე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით უსწრებს, არის გაიანა, რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა ქვეყნის ტერიტორიაზე.

„ჩვენ ნავთობის გარეშეც ვახერხებთ იმავეს, რასაც ეს ქვეყანა ახერხებს ნავთობის აღმოჩენის პირობებში. რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება შესაბამისად. ჩვენ დაგვხვდა მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი ბიუჯეტი 2012 წელს, ანუ ამ კუთხითაც იყო უმძიმესი ვითარება. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და წელს, დაახლოებით, 28 მლრდ ლარს შეადგენს უკვე ბიუჯეტი და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს ბიუჯეტმა შეადგინოს 40 მლრდ ლარზე მეტი, ესეც რეალისტური ამოცანაა და ამაზეც ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება დაუთმო ქვეყანაში უმუშევრობის დონეს და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი.

„რაც შეეხება უმუშევრობას - რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს გადათარგმნილი, პირველ რიგში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში და აქ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის დასაქმება, უმუშევრობა. უმუშევრობა იყო 26.7 % 2012 წელს, ჩვენ უკვე მოვახერხეთ და გავანახევრეთ უმუშევრობა ამ წლების განმავლობაში საქართველოში, 14 %-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ეს ამოცანაც არის რეალისტური, 4 წლის თავზე, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ჩავაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე და მმართველ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური მიზნები ამ მიმართულებით, არსებული პოზიტიური ტენდენციების გათვალისწინებით.

„ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე. აქაც გვაქვს ამბიციური მიზნები. საქართველოში 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს. გახსოვთ, მათ ტელევიზიებში როგორ იყო წარმოჩენილი რეალობა, იყო ვირტუალური სინამდვილე, რეალურად კი ხდებოდა ეს – 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30 % იყო სიღარიბე საქართველოში 2012 წელს. 2023 წლის მონაცემებით, სიღარიბე უკვე შემცირდა 11.8%-მდე, შესაბამისად, დღეს, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 440 000 ადამიანი. პროგრესი არის ძალიან დიდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს არც დამშვიდების და არც მოდუნების საშუალებას, იმ პირობებში, როდესაც 440 000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც ბედნიერი და ვერც დამშვიდებული ვიქნებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, როგორც უკვე აღინიშნა, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ჩვენი ამოცანაა, 2028 წელს სიღარიბე ჩამოცდეს 4 %-ს. ანუ, 300 000 ადამიანი, ჩვენი პროგრამის შესაბამისად, დააღწევს თავს სიღარიბეს და ეს მიზანიც აბსოლუტურად შესრულებადია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა, შექმნან 200 000 ახალი სამუშაო ადგილი.

"ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი. ასევე, რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 712-ნახევარი ლარი იყო საშუალო ხელფასი საქართველოში 2012 წელს. უკვე წლევანდელი მონაცემებით, 2 000 ლარს გადააჭარბა საშუალო ხელფასმა ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს დაახლოებით სამმაგი ზრდა და 2028 წლისთვისაც გვაქვს ამბიციური ამოცანა, 3 500 ლარს უნდა გადააჭარბოს საშუალო ხელფასმა ჩვენს ქვეყანაში. ამაზეც ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას ოთხი წლის შემდეგ.

 

ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ გვაქვს კარგი, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, აღსრულების გარეშე საქმე არ გამოდის. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი, რომელიც ჩვენი ეკონომიკური გეგმების აღსრულებას სათანადოდ უზრუნველყოფს. ასევე, გვაქვს ძალიან ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესი არის თავისუფალი, ეს არის სიახლე საქართველოში 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე. გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ყველაფერი ქმნის საუკეთესო პირობებს იმისთვის, რომ ყველა დაპირება სათანადოდ შესრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. ამოქმედდება სპეციალური საგადასახადო შეღავათები ამ სფეროში, 160 ახალი სტარტაპის მომზადება და დაფინანსება არის გათვალისწინებული ყოველწლიურად, 12 ათასი მსმენელის გადამზადება, ხელოვნური ინტელექტი, ფაგები, აგროტექნოლოგიები. ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის პრეზენტაცია, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქ ქუთაისისთვის. ამ პროექტის განხორციელებაც უზრუნველყოფს არაერთი მიმართულებით პროგრესს, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას, ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ამ პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წელს ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის კი, 50 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა.

„ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორიც. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა ვითარება დაგვხვდა 2012 წელს, ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი რეგიონული, გლობალური კრიზისი, მოვახერხეთ და 28 მილიარდი ლარიდან, 2020 წლისთვის 50 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ბოლო 4 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვახერხეთ და ეკონომიკა გავზარდეთ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა. სამომავლოდაც შემდეგი ოთხი წლისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, გვინდა, 130 მილიარდ ლარს გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ, ანუ დამატებით სულ მცირე 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა და მიზნის შესრულებაზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი, 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის მთავრობის მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს.

„ესეც აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია. რაც შეეხება სასტუმროებს, 2012 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა მხოლოდ 777 განთავსების ობიექტი 23 ათასი ადგილით. წელს უკვე გვექნება 2363 განთავსების ობიექტი, სასტუმრო 108 ათასი ადგილით. ხედავთ, რამდენად დიდია პროგრესი, დაახლოებით 4,5-ჯერ არის გაზრდილი განთავსების ადგილების რაოდენობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის გვექნება 2680 სასტუმრო 142 ათასზე მეტი ადგილით. ესეც აბსოლუტურად რეალური მიზანია. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში