შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

30 ნოემბერი 2024, 00:50 263 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ აქცია გასცდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და შეიძინა ძალადობრივი ხასიათი. დაშავებულია რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი. 

„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

მიუხედავად, ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, უკვე რამდენიმე საათია აქციის წევრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პიროტექნიკას, შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.

აქციის მონაწილეები აზიანებენ და ცეცხლს უკიდებენ ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით, სადაც აღნიშნულმა პირებმა დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი.

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სატელევიზიო ეთერებში.

სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში