ადამიანებს აპროტესტებინებთ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, პირიქით, ვაგრძელებთ განსაკუთრებული ძალისხმევით ყველა ვალდებულების შესრულებას - ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2024, 15:52 252 ნახვა

ევროკავშირის ელჩი მანამდე აცხადებდა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და მერე თქვა, რომ თურმე ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, ეს არის ტყუილი, სიცრუე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოება აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვინაიდან ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ეს არის ტყუილი.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ აღარ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას, ეს ტყუილია და საზოგადოებასაც ატყუებთ. რეალურად, საზოგადოება, აქ შეკრებილი 5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი, რასაც ამბობთ თქვენ და რაც გაიმეორა ევროკავშირის ელჩმა. ეს არის ტყუილი და აპროტესტებინებთ ადამიანებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ჩვენ ვაგრძელებთ პირიქით, განსაკუთრებული ძალისხმევით ყველა ვალდებულების შესრულებას და ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია. 90 %-ზე მეტი ჩვენი ვალდებულებებისა იქნება შესრულებული 2028 წლისთვის.

 

თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, რომ შეჩერდა ევროინტეგრაცია, ისევე როგორც ატყუებს ევროკავშირის ელჩი და, სწორედ, ამიტომ კარგავს ევროპული ინსტიტუტები საქართველოში ნდობას. რეკორდულ მინიმუმზე ჩამოვიდა ნდობა ევროპული ინსტიტუტებისადმი, თვითონ ევროკავშირის კვლევის თანახმად. „ევრობარომეტრის“ კვლევა გამოქვეყნდა, 58 %-ზეა ჩამოსული ევროპული ინსტიტუტებისადმი ნდობა, რატომ, იმიტომ რომ ელჩი იტყუება, ევროპარლამენტი სამარცხვინო რეზოლუციებს აქვეყნებს და აღარ მინდა გავაგრძელო. „ასოცირების შეთანხმება“ არის სწორედ ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც მიჰყავხარ ევროინტეგრაციისკენ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ თვითონვე აღიარეთ თქვენს პარტიებთან ერთად, რომ კანდიდატის სტატუსი ყოფილა ფორმალობა და იგივე ეხება მოლაპარაკებების გახსნასაც. ეს არის ფორმალური მხარე. ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ევროკავშირისკენ არის, სწორედ, „ასოცირების შეთანხმება“,“- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში