იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა ჰყვება, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას - სახალხო დამცველი

30 ნოემბერი 2024, 15:54 221 ნახვა

იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, ასეთი ფორმით მოპყრობას გამართლება არ აქვს.

„იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთებში იზოლატორში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანებისგან, ორის გარდა, ფაქტობრივად ყველა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ეს მსუბუქი ნათქვამია. ადამიანები ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება. ძირითადად სახის არეში აქვთ დაზიანებები. ვნახე ადამიანი, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით. ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა, არის სიმხეცე. ამას გამართლება არ აქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცველებს, რომ დაკავების დროს უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.

„პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი პირველ რიგში უნდა დაიცვას სამართალდამცველმა. გასაგებია, შეიძლება, ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მიუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა. ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით ახლა, რომ შევედი.

 

მინდა, მოვუწოდო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები. ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი არის ძალადობის მსხვერპლი, გაცილებით მეტი, წინა აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდეგ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობა არის, რომ ასეთ შემთხვევებს აღარ ჰქონდეს ადგილი“, – აღნიშნა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში