ჩვენმა ქვეყანამ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე, სწორედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია - ირაკლი კობახიძე

01 დეკემბერი 2024, 13:54 237 ნახვა

ჩვენმა ქვეყანამ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე, სწორედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

"კიდევ ერთხელ, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ერთადერთი რაზეც ჩვენ ვთქვით უარი, არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, რომელიც, სწორედ, რომ პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. 

 

ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი შეხედულებებისა.

 

ყველას, კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე, სწორედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია.

 

ჩვენ პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენ პირობებში მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია.

 

ევროპელი ჩინოვნიკებისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ წელიწადნახევარი, ჯიუტად ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და თავდაუზოგავი ბრძოლით გამოვგლიჯეთ ეს სტატუსი ხელიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში