მაშინ, როდესაც ადმინისტრაცია არის ძალაუფლების გადაცემის პროცესში ვფიქრობ, ასეთი სახის განცხადებები თუ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს, ვინაიდან ეს მომავალ პრეზიდენტს უქმნის გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ჯობია, ამ დროს არ ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეთიუ მილერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიული თანამშრომლობამ ვერ შეიძინა ის შინაარსი, რაც იყო საქართველოს მოლოდინი.
„სამწუხაროდ, ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ ვერ შეიძინა ის შინაარსი, რომელიც ჩვენ გვინდოდა, რომ შეეძინა. სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაფიქრში იყო, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და ა.შ. რაც ნამდვილად იქნებოდა პრაქტიკაში განხორციელებული. ამას სამწუხაროდ ვერ ვხედავდით, მათ შორის თუ არ ვცდები, სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებული საბჭო ბოლო ექვსი წელია არც კი შეკრებილა, ჩვენ სურვილი გვქონდა, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო ამ მხრივ თანამშრომლობა. დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის და უნდა გადააბაროს ხელისუფლება ახალ ადმინისტრაციას, ასეთ განცხადებას აკეთებს და მომავალ ადმინისტრაციას უქმნის გარკვეულ პოზიციას, რომელიც შეიძლება, არ იყოს სახარბიელო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების თანახმად, „„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, აშშ-მა შეაჩერა ეს მექანიზმი“.