პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, სამწუხაროა, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს მძიმე სასჯელისთვის - ირაკლი კობახიძე

02 დეკემბერი 2024, 11:50 299 ნახვა

პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა პატრონის დავალება არის პატრონის დავალება და ამაზე უარის თქმა მათთვის უბრალოდ შეუძლებელია, ასეთია აგენტის ბედი და ხვედრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის.

"რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. არის ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ, პრაქტიკულად, ღიად განაცხადეს, რომ ამ კოორდინირებული ძალადობის უკან დგანან. რა თქმა უნდა, ამისთვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასცდებიან პატრონის დავალებას, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო, რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში.

„ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა ისე მიჰყავთ პროცესები ამ ადამიანებს, რომ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც მოხდეს ასეთი პროცესის ინიცირება. ისინი ღიად დაუპირისპირდნენ ამ დღეებში, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც პირდაპირ იძლევა პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს. დანარჩენი, დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, ყველაფერი არის ჩვენს ხელში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, როგორც ვითარდებოდა გარედან პროცესები, რაც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან. მინდა, შეგახსენოთ კანვასის ტრენინგები, მაშინ ვიღაც-ვიღაცები ირონიულად საუბრობდნენ იმაზე, როგორც შეიძლება, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული მაგალითად რევოლუციურ პროცესებში. ფაქტი არის სახეზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები, ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში, რაც სამწუხაროა. იყო ფრანკლინის კლუბი, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ორგანიზება ძალადობრივი ქმედებებისთვის და შედეგიც არის სახეზე. ეს ყველაფერი ხდებოდა უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიხსენოთ, როგორ უპირისპირდებოდნენ იგივე ადამიანები, იგივე ძალები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მომხდარიყო გაუმჭვირვალედ. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, ყველას უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში