საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წარმომადგენელი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"2 დეკემბერს საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს.
აქედან, აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მათ შორის აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროებოდათ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.