როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, - განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.
"როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერავინ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება.
„ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები. როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არის არსებითად ოთხი პარტიის წარმომადგენელი, მათ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სატანადო რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმა.