საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას.
„დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დისციპლინა კვლავ შენარჩუნდება და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად 3%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო ვალის მოცულობა კი 38%-ის ფარგლებში.
Fitch-ი მიიჩნევს, რომ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. მათი შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. მიუხედავად მონეტარული სექტორის შედარებით მაღალი დოლარიზაციისა, მონეტარული პოლიტიკა, მაინც ეფექტიანია, რაც ბოლო წლებში მიღწეულ დაბალ ინფლაციაში არის გამოხატული. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.
საკრედიტო სააგენტომ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება - ძირითადად, გამოწვეულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად შექმნილი დაძაბულობისა და არსებული ფონის გამო. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შიდა პოლიტიკური რისკის შემცირება, კვლავ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.